მთავარისაქართველოპრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა თუ კანონის დაზუსტება - საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში

პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვა თუ კანონის დაზუსტება – საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტში

საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას უფლებებს გაუზრდის.

82 მომხრე, 11 კი – წინააღმდეგი. საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას უფლებებს გაუზრდის. ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელის შეტანის უფლება აქვს ყველა სახელმწიფო ორგანოს, თუ რომელიმე მათგანი მეორის კომპეტენციაში შეიჭრება. კანონზე მუშაობა მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტის ბრიუსელში მთავრობის თანხმობის გარეშე გამართული შეხვედრების, ელჩების დანიშვნის პროცედურების და პარლამენტში სალომე ზურაბიშვილის ყოველწლიური მოხსენებისას გაკეთებული განცხადებების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამ ცვლილების უკან პრეზიდენტის დასჯის განზრახვა აქვს „ქართულ ოცნებას“, რადგან სალომე ზურაბიშვილმა მათგან განსხვავებული პოზიციები დააფიქსირა.

„მმართველი პარტიის ეს ინიციატივა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს კანონით მიანიჭოს სახელმწიფო უწყებებს შორის კომპეტენციებთან დაკავშირებული დავების განხილვა, მხოლოდ პრეზიდენტის პოლიტიკურ შანტაჟს ემსხურება. სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები, მკაცრი მოხსენება პარლამენტში და „ქართული ოცნების“ დღის წესრიგისგან განსხვავებული ქმედედებები პრობლემა აღმოჩნდა მათთვის და ამით ცდილობენ პრეზიდენტის შებოჭვას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამით პრეზიდენტის ინსტიტუტს ვერ შეასუსტებენ, რადგან სალომე ზურაბიშვილმა ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების შესაბამისად იმოქმედა ბოლო პერიოდში და იმედი მაქვს, რომ ასეც გააგრძელებს მისი ურყევი პრინციპულობიდან გამომდინარე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა უარყოფს ოპოზიციის ბრალდებებს და აცხადებს, რომ კანონში ხარვეზი იყო და ამ ცვლილებით მისი დახვეწა ხდება. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საჭირო პრეცედენტს უწოდებს ამ გადაწყვეტილებას და პრეზიდენტის წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავს.

„ამ ცვლილებაზე მუშაობა მას შემდეგ დავიწყეთ, რაც მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით, კომპეტენციების გაურკვევლობა წარმოიშვა. მთავრობამ კანონის არაზუსტობიდან გამომდინარე, ვერ მოახერხა საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური სარჩელი შეეტანა. სწორედ ამის გამო ვაზუსტებთ კანონს. ასეთი პრობლემები იყო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის დროსაც სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ეს იქნება ერთგვარი პრეცედენტი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო განუმარტავს უწყებებს მათ უფლებამოვალეობებს. ასევე, უფრო წონიანს და უფლებიანს გახდის სასამართლოს ამ ინსტიტუციას. რაც შეეხება პოლიტიკურ დევნას, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ყურადღებით აკვირდებოდა ამ კანონპროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ ცვლილებით კონსტიტუციურად არაფერი ზიანდება, თუმცა სერიოზულ საეჭვო ნიშნებს შეიცავს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდვის მიმართულებით.

„ქართული ოცნების მიერ ამ კანონპროექტის ინიცირება ცალსახად მიუთითებს მათი მხრიდან პრეზიდენტის მიმართ პოლიტიკური ანგარიშსწორების მცდელობაზე და მმართველი პარტიის ხელში არსებული ბერკეტით – კანონში ცვლილების შეტანის მეშვეობით საკუთარი პარტიული მიზნების მიღწევაზე. „საიამ“ მოუწოდა პარლამენტს, შეეწყვიტა ამ ინიციატივაზე მუშაობა, რადგან ის პირდაპირ ნიშნებს შეიცავს პრეზიდენტის ინსტიტუტის შეზღუდვის მიმართულებით. „საბოლოო ჯამში, კანონის მხრივ, საზიანო ამაში არაფერია, რადგან ზუსტდება კანონი, თუმცა როგორ გამოიყენებს ამას მმართველი პარტია, წარსულის ფაქტებიდან გამომდინარე ჩვენ კარგად გვესმის“, – განაცხადა „საიას“ დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროექტების დირექტორმა ნანუკა ყრუაშვილმა.

მესამე ფორმალური მოსმენის შემდეგ, სავარაუდოდ მომდევნო სესიაზე, პარლამენტი საბოლოოდ მიიღებს კანონში ამ ცვლილებას. სამოქალაქო სექტორს მიაჩნია, რომ კანონით პრეზიდენტის ინსტიტუცის შებოჭვა მოხდება, თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პრინციპული მიდგომებიდან გამომდინარე იმედი აქვთ, რომ საკვანძო საკითხებში ის კვლავ სიმართლის მხარეს დადგება.

ალეკო გვეტაძე

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend