მთავარიევროპაუკრაინამარიუპოლში დაღუპული მოქალაქეების ცხედრებს რუსი სამხედროები მობილური კრემატორიუმებით ანადგურებენ

მარიუპოლში დაღუპული მოქალაქეების ცხედრებს რუსი სამხედროები მობილური კრემატორიუმებით ანადგურებენ

მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქის 10 ათასზე მეტი მკვიდრია დაღუპული

რუსი სამხედროები აცხადებენ, რომ მათ მარიუპოლში მდებარე ქარხნის ტერიტორიაზე 100-მდე უკრაინელი ჯარისკაცი ჰყავთ ალყაში მოქცეული. რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარიუპოლში ბოლო შეტაკებების შედეგად 50 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, 42 კი ტყვედ ჩავარდა.

მარიუპოლის მერი, ვადიმ ბოიჩენკო ამბობს, რომ მის ქალაქში 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული, რუსი სამხედროები კი მობილური კრემატორიუმების მეშვეობით ცხედრებს ანადგურებენ: „21 მარტს, როდესაც პირველად ვცადეთ დაღუპულთა რაოდენობის აღრიცხვა, ქალაქის ქუჩებში უკვე ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი ესვენა. ისინი საარტილერიო, სარაკეტო და საჰაერო დაბომბვის შედეგად დაიღუპნენ. ცხედრების დამარხვას ვერ ვახერხებთ, რადგან რუსული ჯარები უკვე ქალაქში არიან და საბრძოლო მოქმედებები უფრო გახშირდა.“ – ამბობს ვადიმ ბოიჩენკო, მარიუპოლის მერი.

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, ჯეიმს ჰეპეი ამბობს, რომ თუ მოსკოვი უკრაინაში ქიმიურ იარაღს გამოიყენებს, დასავლეთი ყველა სახის საპასუხო ნიბიჯის გადადგმას განიხილავს. ბრიტანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, ამ ეტაპზე რუსი სამხედროების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენება არ დასტურდება: „თავად ის ფაქტი, რომ შესაძლოა რუსულმა არმიამ ქიმიური იარაღი გამოიყენოს შოკისმომგვრელია. ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა და ჩვენმა პრემიერ-მინისტრმა, არაერთხელ განაცხადეს რომ ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია. თუ ეს მოხდება, მათ პასუხი მოეთხოვებათ. მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ არ ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომებს მივმართავთ ჩვენ ამ შემთხვევაში. პრეზიდენტმა პუტინმა უნდა იცოდეს, რომ დასავლეთი ყველა შესაძლებლობას განიხილავს.“ – აცხადებს ჯეიმს ჰეპეი, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი კი ბელარუს კოლეგასთან ერთად შორეულ აღმოსავლეთში მდებარე ვასტოჩნი კოსმოდრომს ესტუმრა: „უკრაინაში ნეონაცისტებთან შეტაკება გარდაუვალი იყო. ისინი ჩვენზე თავდასხმისათვის ემზადებოდნენ. მოვლენებმა გვაჩვენა, რომ ეს ფაქტია. ნეონაციზმი, ჩვენს მეზობელ, საკმაოდ დიდ სახელმწიფოში ჩვეულებრივი რამ გახდა.“ – ვლადიმერ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი.

უკრაინელები კი სამხრეთში მდებარე ხერსონს ტოვებენ. მათ ქალაქის დატოვება ომისა და ქალაქზე რუსული არმიის შტურმის დაწყებიდანვე მალევე დაიწყეს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამხედრო საჰაერო ძალებს კი დაჭრილი უკრაინელი სამხედროები და სამოქალაქო პირები ქალაქ კიოლნში სამკურნალდ გადაჰყავთ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend