მთავარისაქართველოპასუხი ევროკავშირისგან

პასუხი ევროკავშირისგან

საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ორმა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, მიმდინარე წლის 8 მარტს ევროპულ სტრუქტურებს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების თხოვნის წერილი გაუგზავნა.

საქართველოდან გაგზავნილ წერილს ხელი მოაწერა ყველა ყოფილი მთავრობის მაღალი თანამდებობის პირმა, მოქმედის გარდა. დაახლოებით ერთთვიანი განხილვის შემდეგ, „სტრატეგიული ანალიზის ცენტრმა“ და „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრმა“ ევროკავშირისგან პასუხი მიიღეს. ადრესატები ამბობენ, რომ ამ გზავნილში მკაფიოდაა ნათქვამი, თუ როგორ უნდა მოახერხოს საქართველომ სათანადო მომზადება ევროინტეგრაციისთვის. ასევე, რა რეფორმები და მიდგომებია საჭირო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. მთავარი კი, პოლიტიკური და საზოგადოებრივი წრეების ერთი მიზნისკენ გაერთიანება და რეფორმებია.

„სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ ინიციატივით, მიმართვა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლეიენის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ევროპარლამენტის პრეზიდენტის რობერტა მეცოლას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჯოზეფ ბორელის სახელზე, შედგა.

მიმართვაში საქართველოს ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების მხარდაჭერა და სურვილი გამოხატა საქართველოს ყველა ხელისუფლების წარმომადგენელმა: ისტორიაში პირველად მიმართვაზე ერთმანეთის გვერდით ხელი მოაწერა საქართველოს ყველა ხელისუფლების პრეზიდენტებმა, პრემიერებმა, პარლამენტის თავმჯდომარეებმა, მინისტრებმა, ელჩებმა და დეპუტატებმა. ხელმომწერებმა მიმართვაში ერთხმად გამოხატეს სოლიდარობა უკრაინის მიმართ რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ.

„მიმართვის პასუხად ბატონი ჯოზეფ ბორელისგან მივიღეთ წერილი, მისი, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლეიენისა და ბატონ შარლ მიშელის სახელით, რომელიც მიმართულია მიმართვაზე ხელმომწერი ყველა პირისადმი. წერილში ხაზგასმულია ერთგულება ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისადმი, ძირითადი პრიორიტეტული რეფორმების განხორციელების აუცილებლობა და საქართველოს პოლიტიკური სპექტრის ფართო თანამშრომლობის მნიშვნელობა“, – განაცხადა „სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის“ ხელმძღვანელმა ხათუნა ლაგაზიძემ.

ევროკავშირისგან გამოგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჟოზეფ ბორელი აწერს, წერია – „მსურს დაგარწმუნოთ, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების ერთგული ვრჩებით. ამ კონტექსტში აუცილებელია პრიორიტეტული რეფორმების განხორციელება და პროგრესის დემონსტრირება. ეს კი პარტიებს შორის ფართო თანამშრომლობის გზითა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობით უნდა მოხდეს. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. ევროკავშირი გააგრძელებს ამბიციური რეფორმების მხარდაჭერას საქართველოსა და მისი მოქალაქეების სასარგებლოდ“.

ექსპერტები ამბობენ, რომ ახლა საქართველომ დაჩქარებული წესით უნდა გაატაროს რეფორმები ყველა ფუნდამენტური მიმართულებით. მაგალითად, რეალურად გააუმჯობესოს და დამოუკიდებელი გახადოს სასამართლო და საარჩევნო სისტემები.

წერილის ავტორებმა ასევე მზადყოფნა გამოთქვეს დაეხმარონ ხელისუფლებას კითხვარის შევსებაში, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან 11 აპრილს მიიღო. ექსპერტები პოლიტიკურ ძალებს ერთიანობისკენ და ქვეყნის პროგრესისთვის სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend