მთავარისაქართველოსაქართველომ ევროკომისიისგან კითხვარი მიიღო

საქართველომ ევროკომისიისგან კითხვარი მიიღო

ქვეყანას კითხვებზე პასუხის გასაცემად ერთთვიანი ვადა აქვს

ზუსტად ერთი თვის წინ საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი გააკეთა. დღეს კი უკვე მიიღო კითხვარი ევროკომისიისგან, რომლის მიხედვითაც კომისიამ უნდა მოამზადოს შეფასება – თუ რამდენად მზად არის საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. საქართველოს პასუხების მიხედვით, ევროკომისიის მიერ მომზადებულ შეფასებას 24-25 ივნისს, ბრიუსელში ევროპული საბჭო განიხილავს და გადაწყვეტილებასაც მიიღებს.

ევროკომისიის მიერ მოწოდებული კითხვარი ამ ეტაპზე 369 კითხვისგან შედგება, თუმცა ეს არასრულია. სრულფასოვანი კითხვარი უნდა შედგებოდეს პოლიტიკური, ეკონომიკური და საკანონმდებლო ნაწილისგან. ბოლო კომპონენტში საქართველოს კითხვები ჯერ არ მიუღია, ევროკომისია განახლებულ კითხვარს საქართველოს ეტაპობრივად მოაწვდის. ყველა კითხვაზე პასუხების მოსამზადებლად ქვეყანას ერთი თვე აქვს.

19 აპრილს ერთი წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტზე ხელმოწერით მხარეებმა საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემების რეფორმირების პირობა დადეს, თუმცა ცოტა ხნის შემდეგ ხელისუფლება ამ შეთანხმებიდან გავიდა. რეფორმების ნაწილთან დაკავშირებით დასავლელ პარტნიორებს დღემდე აქვთ შენიშვნები.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, რაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა აღიდგინა, საქართველოს ახალბედა დიპლომატიური კორპუსი აქტიურად ცდილობდა ევროპისთვის ხმის მიწვდენას. სწორედ ამის შედეგია, რომ ევროკავშირმა საქართველოს ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება დაიწყო. მაგრამ ყველაზე ნათლად მაინც აგვისტოს ომმა აჩვენა მსოფლიოს, თუ რამდენად სჭირდებოდა საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა.

ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები განთავსდნენ, დაიწყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა, 2014 წელს კი ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოს შეეძლო განაცხადის წარდგენა ევროკავშირის წევრობაზე. იმავე წელს გაფორმდა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ნაწილს. 2 წლის შემდეგ საქართველომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაც მიიღო. მას შემდეგ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში მოკლევადიანი ვიზიტებისას უვიზოდ მოგზაურობენ.

ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს 2024 წელს ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებმა პროცესი დააჩქარა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend