მთავარი ევროპა უკრაინა ბოროდიანკას დასახლებაში 200 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ბოროდიანკას დასახლებაში 200 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება

ბოროდიანკის დასახლება რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთის კონტროლის ქვეშ იყო, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად დაზარალდა. უკრაინის საგანგებო სამსახურების ჯგუფები დაუღალავად აგრძელებენ ნანგრევებში სამძებრო და სამაშველო სამუშაოების ჩატარებას.

როგორც კი ბოროდიანკის დასახლებაში შედიხარ, მაშინვე იგრძნობა ომის კვალი, ყველგან ნანგრევებია. აურაცხელ თავდასხმებსა და ძარცვას, რომლებიც დასახლების ოკუპირების შემდეგ დაიწყო, ვერც პოეტ ტარას შევჩენკოს ძეგლი გადაურჩა.

როგორც ბოროდიანკის მკვიდრი ალექსანდერი ამბობს, რუსმა სამხედროებმა  დასახლების ერთ-ერთ ნაწილში ხიდები ააფეთქეს, შესაბამისად, გასასვლელი აღარ არსებობს.  ბოროდიანკაში ახლა მხოლოდ ერთადერთი გზაა დარჩენილი. რუსები ყველა მიმართულებით ისროდნენ. მათ  გატეხეს და გაძარცვეს ავტოფარეხები და  ამისთვის სპეციალური ინსტრუმენტები ჰქონდათ მოტანილი.

წასვლისას რუსმა სამხედროებმა ასობით ნაღმი დატოვეს, რომლებიც მთელ დასახლებაშია მიმოფანტული. ადგილობრივი ხელისუფლება ამბობს,  რომ განნაღმვით სამუშაოებს დაახლოებით 5 წელი დასჭირდება. თუმცა მანამდე ნანგრევების გასუფთავება და  დაკარგულების პოვნაა საჭირო. 26 ადამიანის ცხედარი უკვე იპოვეს, უგზო-უკვლოდ კი 200-მდე პირია დაკარგული. უკრაინის პრეზიდეტნმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა,  რომ ბოროდიანკაში ბუჩაზე უფრო მძიმე მდგომარეობაა.

ბოროდიანკის ერთ-ერთმა  მკვიდრმა  ჰალინამ გაქცევა მოახერხა. ახლობლებმა ტელეფონით შეატყობინეს ტანკების მოახლოება. ჰალინა და მისი მეუღლე მაშინვე მანქანაში ჩასხდნენ და სოფელში წავიდნენ. თუმცა მათი შვილი ბოროდიანკაში დარჩა. მას ჯერ ვერ პოულობენ, სავარაუდოდ, იგი ნანგრევების ქვეშაა მოყოლილი.

ერთ-ერთი შენობის სარდაფს, რომელიც ახლა სრულადაა განადგურებული, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, როდესაც რუსი სამხედროები შემოიჭრნენ. ახლა საგანგებო სამსახურის ჯგუფები თავდაუზოგავად მუშაობენ, რომ გადაარჩინონ ყველა, ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია.  თუმცა როგორც მაშველები ვარაუდობენ, მათ ნანგრევების ქვეშ უმძიმესი სურათი დახვდებათ.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend