მთავარისაქართველოყაზახურ-ქართული ბიზნესფორუმი და ახალი პერსპექტივები

ყაზახურ-ქართული ბიზნესფორუმი და ახალი პერსპექტივები

ყაზახურ-ქართული სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების მიზნით თბილისი სამდღიან ბიზნესფორუმს მასპინძლობს.

„ყაზარ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების“ ორგანიზებით, ყაზახეთის სავაჭრო პოლიტიკის განვითარების ცენტრ QazTrade-ის წევრმა 20-მდე კომპანიამ, ქართველ იმპორტიორებთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. პარტნიორობა შეეხება იმპორტ-ექსპორტის მიმართულებებს და ყაზახური კომპანიებისთვის საქართველოს, როგორც ორ კონტინენტს შორის მთავარი გამტარი სახმელეთო დერეფნის გამოყენების პერსპექტივებს.

ღონისძიების ფარგლებში, ქართულ და ყაზახურ კომპანიებს შორის ოფიციალური მემორანდუმები გაფორმდა.

„დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია ვნახოთ რა შესაძლებლობები გვაქვს. როგორ შეიძლება ტრანს-კასპიური გზა გამოვიყენოთ. გუშინ ფოთსა და ბათუმს ვეწვიე და იქ არსებული შესაძლებლობები ვნახე. გვჯერა, რომ საქართველოს გზა ევროპასთან ვაჭრობის შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს. ყაზახეთის საერთო სავაჭრო ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან ექსპორტი 60 მილიარდი დოლარია. ექსპორტის 50% მხოლოდ ევროპაზე მოდის. რეგიონში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, დღეს ახალი გზები გვჭირდება, რომ ჩვენი პროდუქტი ევროპაში გავიტანოთ“,- განაცხადა QazTrade-ის გენერალურმა დირექტორმა აზამატ ასკარულმა.

ქართულ-ყაზახური სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება მიმდინარე გეოპოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. ყაზახეთს ევროპულ ბაზრებზე წვდომისათვის უსაფრთხო დერეფანი სჭირდება. საქართველოს კი – იმპორტირებული პირველადი მოხმარების პროდუქტებისათვის საიმედო მომწოდებული, რათა რუსეთზე, როგორც პოლიტიკურ ბაზარზე დამოკიდებულება შემცირდეს.

ქართულ-ყაზახური ბიზნესფორუმის მიზანიც, სწორედ ახალი პარტნიორული კავშირების დამყარებაა. ღონისძიებაზე მყოფმა ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩმა ბაურჟან მუხამეჯანოვმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმზიდველი ბიზნესკლიმატი და ნაკლებად ბიუროკრატიული კანონმდებლობა აქვს, რაც ყაზახური კომპანიებისთვის მეტად საინტერესოა.

„საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობები მეგობრულია, ჩვენ არ გვაქვს გადაუწყვეტელი პოლიტიკური საკითხები. ამიტომ, ჩვენი ქვეყნების საელჩოები და მთავრობები დიდ ყურადღებას აქცევენ სავაჭრო და ეკონომიკურ ურთიერთობებს ჩვენს ქვეყნებს შორის, რისი დამადასტურებელიცაა ეს ფორუმი. ამ ფორუმზე დასასწრებად მეწარმეები და ბიზნესმენები ჩამოვიდნენ ყაზახეთიდან. ეს ის ადამიანებია, რომლებიც ისეთ პროდუქციას აწარმოებენ, რომლებიც ქართულ ბაზარზე მოთხოვნადია. დღეს არ იქნება მხოლოდ მოლაპარაკებები, არამედ ხელი მოეწერება კონკრეტულ შეთანხმებებს, მათ შორის კონკრეტული ბიზნეს-პროექტების განხორციელებისთვის“, – განაცხადა ყაზახეთის რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ბაურჟან მუხამეჯანოვმა.

„ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება“ 2021 წლის მარტში დაარსდა და მასში მსხვილი ქართული ბიზნესჯგუფები შედიან. კერძოდ, „სილქ როუდ ჯგუფი“, „ბათუმის ნავთობ ტერმინალი“, „კაპიტოლ ჯგუფი“ და სხვა. მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე, ახლო მომავალში, შესაძლოა, საქართველოს სავაჭრო დახლებზე დიდი რაოდენობით ყახაზური ნაწარმი გამოჩნდეს.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend