მთავარი მსოფლიო ევროპა ევროკავშირი მოუწოდებს გერმანიას, უარი თქვას რუსულ გაზზე

ევროკავშირი მოუწოდებს გერმანიას, უარი თქვას რუსულ გაზზე

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესებაზე ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განსხვავებული პოზიციები აქვთ. ევროკავშირი მოუწოდებს გერმანიას, უარი თქვას რუსულ გაზზე, თუმცა როგორც ქვეყნის ფინანსთა მინისტრი აცხადებს, ეს ჯერჯერობით შეუძლებელია.

ამავდროულად, რუსულ „გაზპრომის“ შვილობილ კომპანია „გაზპრომ გერმანიას“ ამიერიდან ეკონომიკისა და ტექნოლოგიის სამინისტრო მართავს.

გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრი რობერტ ჰაბეკი აღნიშნავს, რომ ეს კომპანია მართავს კრიტიკულად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას გერმანიაში. ის აქტიურად არის ჩართული ბუნებრივი აირის გაყიდვის, ტრანსპორტირების, შენახვისა და შემდგომ გერმანიის  ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხებში. მინისტრის თქმით, გერმანიის მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ უზრუნველყოს ქვეყანაში ბუნებრივი აირის მიწოდების უსაფრთხოება.

პირველ აპრილს რუსეთში დაფუძნებულმა მთავარმა კომპანია „გაზპრომმა“ „გაზპრომ გერმანიის“ გაყიდვის შესახებ განაცხადა. მყიდველმა კი კომპანიის ლიკვიდაციის განკარგულება გასცა.

ენერგოიმპორტი გაგრძელდება, თუმცა ევროკავშირი მოუწოდებს გერმანიას, შეამციროს რუსეთისგან ენერგორესურსების იმპორტი, შემდგომ კი საერთოდ შეაჩეროს. ფინანსთა მინისტრს მიაჩნია, რომ ეს ჯერ შეუძლებელია, რადგან ამ პროცესს დიდი დრო დასჭირდება და დასძენს, რომ ენერგორესურსებზე დაწესებული ემბარგო არა მხოლოდ რუსეთისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც ზიანის მომტანი იქნება.

ამ საკითხთან დაკავშირებით ევროპა არ არის ერთიანი. უნგრეთი და სერბეთი გეგმავენ, რუსეთისგან უფრო მეტი ბუნებრივი აირი შეისყიდონ. სლოვაკეთი და მოლდოვა კი ემორჩილებიან რუსეთის მოთხოვნას და იმპორტის საფასურს რუბლით იხდიან.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend