მარია საქართველოში ორი კვირის წინ ჩამოვიდა. დედასთან, დასთან, შვილთან და ძაღლთან ერთად. ისინი ნიკოლაევიდან არიან, ქალაქიდან, რომელსაც რუსული ჯარი ინტენსიურად ბომბავს. ჩამოსვლიდან რამდენიმე დღეში მარიამ ერთ-ერთ დარბაზში ფიტნეს-ინსტრუქტორად დაიწყო მუშაობა.
„ის ცხოვრება, რომელიც აქამდე გვქონდა, დაკარგულია. დაკარგულია საყრდენი ფეხქვეშ, დაკარგულია სტაბილურობა. რამდენიმე წელი მუშაობ ჩვეულებრივად, იცი რა იქნება ხვალ, აწყობ 5 წლის გეგმას, იცი რისკენ ილტვი. ერთ დღესაც, უბრალოდ აღარ შეგიძლია არაფრის დაგეგმვა. ჯერჯერობით მე ვერ ვიტყვი რომ ბევრი რამ მასწავლა ამ ომმა, მაგრამ ცალსახად სწავლობ, როგორ გადარჩე, როგორ მოახდინო რეაგირება მაქსიმალურად სწრაფად.
იმასაც ვფიქრობდი, რომ თუ ეს ყველაფერი დიდ ხანს გაგრძელდება, საკუთარი თავი რომ არ დაკარგო, არ გაგიჟდე, სამსახური ძალიან საჭიროა. უკრაინაში ფიტნეს ინსტრუქტორი ვიყავი და როცა ჩამოვედი ძალიან მინდოდა ჩემი საქმე მეკეთებინა. მინდოდა სასარგებლო ვყოფილიყავი. ადგილობრივებმა მირჩიეს ეს ადგილი, მოვედი, გასაუბრება გავიარე და ამიყვანეს.“ – გვიყვება მარია.
მარიას ოთხი წლის შვილიც უკვე ჩაირიცხა საბავშვო ბაღში.
„უკვე ვიპოვეთ ბაღიც, მადლობა ადგილობრივ ქართველ დედებს, ძალიან გრანდიოზულად შეგვხვდნენ ბაღში. პირველ დღეს როცა მივედით, ჩემს შვილს გვირგვინი აჩუქეს, რომელიც აღმზრდელმა გააკეთა. ბავშვები ეცნობოდნენ მას თავიანთ ენაზე, ეს თავის ენაზე პასუხობდა და არ ვიცი რა სასწაულით, მაგრამ მათ ერთმანეთის ესმოდათ, ეხუტებოდნენ ერთმანეთს. ძალიან კარგად მიგვიღეს. უკვე სიმღერებს მიმღერის ქართულად, რომლებსაც სიმღერის გაკვეთილებზე სწავლობს.
უკრაინის დროშებს ხშირად ვხვდები აქ, ან პირბადეებს უკრაინის ფერებში. ეს მხარდაჭერა ძალიან ბევრს ნიშნავს, იგრძნობა რომ ხალხი მზად არის შეგხვდეს, მზად არის დაგეხმაროს, რითიც შეუძლია.“ – აღნიშნავს მარია.
24 თებერვლის შემდეგ მის მშობლიურ ქალაქში განვითარებულ მოვლენებს ცრემლების გარეშე ვერ იხსენებს.
„თავიდან იყო დარტყმები სამხედრო ობიექტებზე, შემდეგ უკვე ეს ყველაფერი შეეხო ყველას – მშვიდობიან მოქალაქეებს, საცხოვრებელ სახლებს. როცა ეს ყველაფერი ძალიან ახლოს მოვიდა, ხვდები რომ ეს აბსოლუტური ლატარეაა, შენ არ იცი რა იქნება შემდეგ წუთს და მაშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უნდა წამოვსულიყავით.
ხვდები, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ბავშვი გვერდში გყავს, ხელჩაკიდებული მიგყავს. პრინციპში, ეს საკმარისია, არავითარი ჩემოდნები, არავითარი ნივთები. ყველაზე ძვირფასები – მშობლიური ადამიანები – ყოველთვის ჩვენთან არიან.
რაც წამოვიღეთ, ეს ძირითადად საბნები იყო, რადგან მზად ვიყავით სადგურებში გვეძინა, როგორც ეს პირველ დღეებში მოხდა. არავინ ფიქრობს ამ დროს ლამაზ ფეხსაცმელზე.“
ამბობს, რომ მისი მთავარი სურვილი ომის შემდეგ სახლში დაბრუნება და დანგრეული ქალაქის აღდგენაში მონაწილეობის მიღებაა.
„ახლა ყველა იმაზე ფიქრობს, როგორ ავაშენებთ ისევ ყველაფერს, ქვას ქვაზე დავადებთ, ყველა მზად არის ნებისმიერი საქმისთვის. იმისთვის, რომ ქვეყანა თავიდან ავაშენოთ.
როგორც უკვე გითხარით, დაგეგმვას ჩვენ უკვე გადავეჩვიეთ.
ძალიან მინდა მინიმუმ იმის გამო დაბრუნება, რომ ახლიდან ავაშენოთ, რომ იმაზე მაღალ დონეზე აღვადგინოთ ყველაფერი, ვიდრე აქამდე იყო.
რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნის ყოველი მცხოვრები ყოველთვის გულით და სულით იქ არის. რასაკვირველია, მინდა დაბრუნება, არც კი ვიცი ეს როგორ მოხდება, ალბათ აქაურობასაც შევეგუები და ეს იქნება ცხოვრება რამდენიმე ქვეყანაში, ალბათ კავშირი მექნება აქაურობასთან, მაგრამ სახლი არის სახლი“, – ამბობს მარია.