უკრაინის პრეზიდენტი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ მოწინააღმდეგეები კიევში უკან იხევენ. თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსული სამხედრო ძალები მარიუპოლის, დონბასისა და ხარკოვის მიმართულებით მძლავრი დარტყმებისთვის ემზადებიან. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ხერსონში რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ.
ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაინელები დევნიან ოკუპანტებს კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვის მიმართულებითა და სუმის რეგიონისკენ. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა თავად გააცნობიერეს, რომ იმ ინტენსივობით ვეღარ გააგრძელებენ საბრძოლო მოქმედებებს, როგორც მარტის პირველ ნახევარში.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს შეიძლება რუსი სამხედროების ერთგვარი ტაქტიკაც იყოს. უკრაინელებმა იციან, რას გეგმავენ რუსები. ზელენსკის თქმით, რუსები უკან იხევენ იმ ადგილებიდან, სადაც მძიმე დარტყმები მიადგათ. მათი მიზანი ძალების მობილიზებაა ისეთ მნიშვნელოვან ადგილებში, სადაც უკრაინელებს გაუჭირდებათ მათთან გამკლავება.
უკრაინელები ყველაფერს გააკეთებენ, რომ უკრაინის მიწა გაათავისუფლონ ოკუპანტებისა და მათ მიერ ჩადენილი ბოროტი და უაზრო დანაშაულებისგან.
ვოლოდიმირ ზელენსკი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტებს ავადმყოფური მიზნები აქვთ და შესაბამისადაც მოქმედებენ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორებზე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტად იაქტიურებენ რუსები, უფრო მეტი დანაკარგი ექნებათ.