მთავარიევროპაუკრაინა„თუ გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველოც“ - უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე

„თუ გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველოც“ – უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე

უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ იბრძვიან ქართველი მოხალისეები. ისინი არიან თითქმის ყველა ცხელ წერტილში და მონაწილეობენ მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციებში. ბევრი მათგანი იქ 2014 წლიდან იბრძვის, ზოგიც ახლა წავიდა, დაახლოებით ერთი თვის წინ, როდესაც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო.

„ევრონიუს ჯორჯია“ ერთ-ერთ მებრძოლს, ნადიმ ხმალაძეს ესაუბრა, რომლისთვისაც ეს პირველი ომი არ არის რუსეთის წინააღმდეგ. ის ჰყვება, რომ ოკუპანტები განსაკუთრებული სისასტიკით მშვიდობიან მოსახლეობას ეპყრობიან. ქართველ მებრძოლს მიაჩნია, რომ ამ ომში მხოლოდ უკრაინის ბედი არ წყდება და ეს ომი ყველას ეხება, მათ შორის საქართველოს.

„ჩვენ ვართ იმ რაიონში, რომელსაც ისევ სწვდება რუსი ოკუპანტების არტილერიის ჭურვები, მაგრამ ჯერ დაცული ვართ. შენობაც საკმაოდ მყარია. გვაქვს თავშესაფარიც.

ყველაზე ცხელი წერტილი, სადაც ჩვენ გვქონდა ბრძოლები და სადაც ბიჭები დაგვეღუპა, არის ირპენი. სწორედ აქ დავკარგეთ გია ბერიაშვილი, დავით რატიანი და დავით გობეჯიშვილი. ირპენი უკვე მთლიანად გაწმენდილია. ახლა შეტაკებები კიევის შემოგარენში, ბუჩასთან მიმდინარეობს. ამ დროისთვის ასეთი ვითარებაა. მოწინააღმდეგეები უკან იხევენ. ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილს, ირპენს კი უკვე აკონტროლებს ჩვენი მხარე, უკრაინა“, – გვიყვება ნადიმ ხმალაძე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე ამბობს, რომ საოკუპაციო ძალები ძირითადად არტილერიასა და ავიაციას იყენებენ.

„ასეთი შემთხვევა გვქონდა – 18 ჯავშანტრანსპორტიორის წინააღმდეგ მოგვიწია შეტაკება, 60-კაციან მსუბუქად შეიარაღებულ ჯგუფს. მათ ეს იცოდნენ, მაგრამ ჩვენთან ბრძოლაში არ შემოვიდნენ. თუმცა დაგვიშინეს მძიმე არტილერია, დაგვიშინეს ისე, როგორც წვიმა და მოგვიკლეს მებრძოლები“, – ნადიმ ხმალაძე.

ქართველი მებრძოლი ჰყვება, რომ საოკუპაციო ძალები სასტიკად უსწორდებიან მშვიდობიან მოქალაქეებს.

“არავითარ წესებს არ იცავენ. ისინი ძარცვავენ და აუპატიურებენ ადგილობრივ მოსახლეობას. ძარცვავენ ყველაფერს – მაგალითად, ირპენში სახლებიდან უნიტაზებიც კი წაიღეს. რაც ხელში მოხვდათ, ყველაფერი გაიტანეს. მათი საქმე მოროდიორობა, ძარცვა და მშვიდობიან მოსახლეობაზე ძალადობაა. მიდიან და ტოვებენ საშინელ კვალს…

ისინი თავიანთ ხალხსაც არ ინდობენ. ახალგაზრდა ბიჭების გვამები ყრია ტყეში, 18-20 წლის ბიჭების – მე მათ წინააღმდეგ ვიბრძვი და მეც კი გული მიჩუყდება მათ შემხედვარეს. სხვას როგორ დაინდობენ, როცა თავიანთ დაღუპულებს დაჭრილებს არ პატრონობენ, არ გაჰყავთ“ – ნადიმ ხმალაძე.

ქართველი მოხალისე ამბობს, რომ მასთან ერთად 30 ქართველი მებრძოლი სპეციალური დანიშნულების რაზმთან ერთად იბრძვის ცხელ წერტილებში. მებრძოლები ამბობენ, რომ ეს მხოლოდ უკრაინის ომი არ არის რუსეთის წინააღმდეგ.

„რატომ არის ეს საქართველოს ომიც – პასუხი ყოველთვის ერთი მაქვს – იმიტომ, რომ თუ გადარჩა უკრაინა და გაიმარჯვა უკრაინამ, გაიმარჯვებს საქართველოც. თუ გაიმარჯვა უკრაინამ და საქართველომ, გაიმარჯვებს მთელი ცივილიზიბული სამყარო. ბოლოსდაბოლოს დაემხობა ეს ბოროტების იმპერია და გათავისუფლდება და მსოფლიო“, – ნადიმ ხმალაძე.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend