მთავარისაქართველოსაწვავის გაძვირების ტენდენცია და მოლოდინები

საწვავის გაძვირების ტენდენცია და მოლოდინები

საქართველოში საწვავის ფასი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა.  მძღოლებს  ავტოგასამართ სადგურებზე ერთ ლიტრ საწვავზე საშუალოდ ასეთი ფასები ხვდება:

1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი ავტოგასამართ სადგურებზე

რეგულარი – 3.80 ლ

პრემიუმი – 3.85 ლ

სუპერი – 4 ლ

დიზელი – 4,10 ლ

ყველა ტიპის საწვავის გაძვირების ტენდენცია მზარდია და პროგნოზები არადამაიმედებელი – ამბობენ ნავთობიმპორტიორთა კავშირში.

ახლო მომავალში საწვავი არათუ გაიაფდება, შესაძლოა კიდევ უფრო გაძვირდეს. გამოსავალს კი სახელმწიფოს მიერ აქციზისა და დამატებითი ღირებულების გადასახადის შემსუბუქებაში ხედავენ.

„მოლოდინები საკმაოდ პესიმისტურია. მსოფლიოში და, რა თქმა უნდა, საქართველოში ამ ეტაპზე ფასები ძალიან მაღალია საწვავზე. ჩვენ, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად არ ვართ ნავთობპროდუქტების მწარმოებელი ქვეყანა. შესაბამისად, დამოკიდებული ვართ იმპორტზე. მიმდინარე ეტაპზე და ახლო მომავალაში ფასების არათუ კლება, არამედ სტაბილურობაც ეჭვის ვეშ დგას და პროგნოზების გაკეთებაც შეუძლებელია. უფრო კიდევ გაძვირებას ველით. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, ბუნებრივია რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომია. რა თქმა უნდა, თუ სახელმწიფო გადასახადების ტვირთს შეუმსუბუქებს ბიზნესს, კერძოდ, აქციზის გადასახადს მოხსნის, ეს მნიშვნელოვან შეღავათს მოგვცემს“, – განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის პრეზიდენტმა ვანო მთვრალაშვილმა.

საწვავის გაძვირება მხოლოდ მძღოლების პრობლემას არ წარმოადგენს. პროდუქციის დისტრიბუცია, რაც მარკეტებსა თუ სხვა სავაჭრო ობიექტებზე გვხვდება მომხმარებლებს, დამოკიდებულია საწვავზე. თუ საწავავის ფასი იზრდება, კომპანიებს, რომლებიც სავაჭრო ქსელის მომარაგებას უზრუნველყოენ, უწევთ გაზრდილი ფასის პროდუქციის ღირებულებაში ასახვა. ამ მხრივაც პროგნოზი არადამაიმედებელია – ამბობენ დისტრიბუტორთა ასოციაციაში. ამ ვითარებაში გადასახადების მოხსნა დისტრიბუტორებსაც ლოგიკურ ნაბიჯად მიაჩნიათ.

„საწვავზე ფასების ზრდა საკმაოდ კრიტიკულად აისახება განსაკუთრებით პროდუქციის თვითღირებულებაზე. საწვავზე პირდაპირ არის მიბმული ამა თუ იმ პროდუქტის ფასი. განსაკუთრებით მძიმეა პირველადი მოხმარების პროდუქციაზე ფასების ზრდა, რაც სამწუხაროდ კომპანიებს მოუწევთ. საწვავზეა დამოკიდებული დისტრიბუცია. ბიზნესს ორი გამოსავალი აქვს – ან ფასი არ გაზარდონ და გაკოტრდნენ, ან გააძვირონ პროდუქცია. ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი წნეხია საწვავის თითოეული თეთრით გაძვირება. ბიზნესს ნამდვილად არ უხარია თავისი პროდუქციის გაძვირება, რადგან რეალიზაცია იკლებს. ამიტომ ბიზნესის დადანაშაულება გაძვირებული ცხოვრების გამო, არასამართლიანია. სახელმწიფოს აქვს გამოსავალი – მოხსნას ან შეამსუბუქოს გადასახადები. მართალია, ამით ბიუჯეტი იზარალებს, მაგრამ სხვა გზა ამ ვითარებაში არ გვაქვს. კიდევ ერთი გამოსავალია ბიუჯეტური დანაკლისის, ბიუროკრატიული ხარჯებით დაკომპენსირება“, – აცხადებს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია.

ნავთობპროდუქტებზე დაწესებული აქციზის გადასახადით სახელმწიფო ბიუჯეტი დაახლოებით მილიარდ სამასი მილიონი ლარით ივსება. თუ სახელწმიფო ამ გადასახადს მოხსნის, ბიუჯეტი დიდი მოცულობით იზარალებს. თუმცა, სპეციალისტები ამბობენ, რომ მთავრობას გაბერილი ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით შეუძლია კომპენსირება. 27 მარტს თბილისში, საწვავზე არსებული ფასების გასაპროტესტებლად მოქალაქეებმა გზები გადაკეტეს. პოლიციამ ათობით დემონსტრანტი დააკავა. 28 მარტის მთავრობის სხდომაზე კი მოსახლეობას უთხრეს, რომ რეგიონში ომია და ცხოვრების გაძვირებას გაგებით უნდა შეხვდნენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend