მთავარისაქართველოუკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მადლობას უხდიან საქართველოს მხარდაჭერისთვის

უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები მადლობას უხდიან საქართველოს მხარდაჭერისთვის

ბრიფინგი უკრაინის საელჩოში

„უამრავი მადლობა საქართველოს მოსახლეობას, მთავრობას, პრეზიდენტს და კერძო კომპანიებს მხარდაჭერისთვის“ – ეს ფრაზა ხშირად ისმოდა უკრაინის საელჩოს თანამშრომლებისგან 28 მარტის ბრიფინგზე.

უკრაინის დროებითმა რწმუნებულმა საქართველოში ანდრია კასიანოვმა ჟურნალისტებს უკრაინის დაზვერვის მიერ მოპოვებული ვიდეო მტკიცებულება წარუდგინა, სადაც ჩანს, როგორ გაჰყავს რუსეთს საჯარისო ნაწილები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის მიმართულებით. კასიანოვმა სხვა საკითხებზეც გაამახვილა ყურადღება.

“ომის 33-ე დღეს უკრაინა მყარად დგას და იცავს თავის სახელმწიფოებრიობას. უკრაინის დაზვერვამ დაადასტურა და ამის ამსახველი ვიდეო მასალაც გვაქვს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რუსეთს გაჰყავს თავისი საჯარისო დანაყოფები უკრაინაში საბრძოლველად. ამ დანაყოფების ნაწილი უკვე ჩვენს მიერ განადგურებულია. უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა და ჩვენ ძალიან ვწუხვართ ამ გმირული დანაკარგის გამო. მადლობა საქართველოს ყველაფრისთვის, რასაც ჩვენი თანადგომისათვის აკეთებთ“, – განაცხადა ანდრია კასიანოვმა.

ჰუმანიტარულ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ საკითხებზე ჟურნალისტებთან, საელჩოს სხვა თანამშრომლებმაც ისაუბრეს. უკრაინის საელჩოს ეკონომიკური მიმართულების მდივანმა ოლეგ სანდერშულგამ, შემოწირულობებისა და ჰუმანიტარული ტვირთების საკითხზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინის საელჩოს ანგარიშზე ჩარიცხული თანხით სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია შეისყიდეს და უკრაინაში გააგზავნეს.

„საქართველოს მთავრობა, მოქალაქეები, ბიზნესის წარმომადგენლები ომის პირველივე დღიდან ცდილობენ, შეაგროვონ ჰუმანიტარული დახმარება, მათ შორის ფინანსები, რათა დაეხმარონ უკრაინას. საელჩოს ანგარიშზე არსებული თანხებიდან უკვე მოხდა მედიკამენტების, საკვების და სხვა საჭირო ნივთების შეძენა და გაგზავნა უკრაინაში. ასევე, მზად ვართ, კონსულტაცია და შუამავლობა გავუწიოთ ყველა დაინტერესებულ პირსა თუ ორგანიზაციას“, – განაცხადა ოლეგ სანდერშულგამ.

უკრაინის საელჩოს კიდევ ერთმა თანამშრომელმა ირინა მარხინოსმა უკრაინაში არსებულ ჰუმანიტარულ კრისზე, დევნილი მოსახლეობის შეფარებასა და საქართველოს მხრიდან აღმოჩენილ დახმარებაზე ისაუბრა. მისი თქმით,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უკრაინელ მოსწავლეებსა და სტუდენტებს ქართულ სკოლებში სწავლის გაგრძელების პროცესში ეხმარება. ასევე მოკლე ვადაში დაგეგმილია უკრაინულენოვანი სექტორის გახსნა რიგ სკოლებში.

„უკრაინა მძიმე ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. მილიონობით ადამიანი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა. საომარ ზონებში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. მშვიდობიანი მოსახლეობის შეფარება მიმდინარეობს საქართველოში. ჩვენ გვეხმარება სხვადასხვა უწყება, მათ შორის განათლების სამინისტრო, რომლის გადაწყვეტილებით, ასამდე უკრაინელი ბავშვი ქართულ სკოლაში სწავლობს“, – თქვა ირინა მარხონოსმა.

საელჩოში გამართული ბრიფინგის პარალელურად, უკრაინის საელჩოსთან მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მოძრაობა „მიშას სექტორის” წევრებმა აქცია სახელწოდებით – “დღეს მეც უკრაინელი ვარ” გამართეს და უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადეს.

უკრაინაში გასაგზავნად ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. მოქალაქეები და კომპანიები შესაძლებლობების შესაბამისად აგროვებენ სხვადასხვა საჭიროების ტვირთს, რომელიც შემდგომ უკრაინელთა დასახმარებლად იგზავნება.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend