მთავარიევროპაუკრაინაუკრაინელი რეჟისორის კამერით დანახული ომი

უკრაინელი რეჟისორის კამერით დანახული ომი

ექვსი თვის წინ, 2021 წლის სექტემბერს უკრაინელი რეჟისორის ვალენტინ ვასიანოვიჩის ფილმი „რეფლექსია“ ვენეციის კინოფესტივალზე, მთავარ პრიზზე იყო ნომინირებული. ფილმი დონბასში რუსი სამხედროების მიერ დატყვევებული ქირურგის ამბავს ჰყვება. იმ დროს რეჟისორის კარიერაში ეს ახალი აღიარება იყო. მან ასევე მოიპოვა ვენეციის ჰორიზონტის ჯილდო ფილმისთვის “ატლანტიდა“.

ახლა ვასიანოვიჩი თავის მშობლიურ ქალაქ კიევშია და ვიდეოკამერით იმ ტანჯვას იღებს, რომელსაც ადამიანი დღისით საბრძოლო ველად გადაქცეულ დედაქალაქში განიცდის, ღამით კი საჰაერო თავდასხმებისგან თავის შეფარებისას. მისთვის რუსეთის უკრაინაში შეიჭრა მოულოდნელი არ ყოფილა, თუმცა მოვლენების ასე სწრაფად განვითარებას ნამდვილად არ ელოდა.

„ახლაც, როცა დილით ვიღვიძებ, მაინც არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ხდება; ხალხი იხოცება, ქალაქებს მთლიანად ანადგურებენ, როგორც ეს მარიუპოლის შემთხვევაში ვნახეთ“, – ჰყვება კინორეჟისორი.

ვასიანოვიჩმა და „რეფლექსიის“ თანაპროდიუსერმა ვლადიმირ იაცენკომ ოჯახის წევრების დასავლეთ უკრაინაში გადაყვანა მოახერხეს. თავად კი კიევში დაბრუნდნენ. რეჟისორების თქმით, ეს მათი ადგილია. ისინი დოკუმენტურ ფილმში ასახავენ, როგორ უმკლავდება ხალხი უმწეობის განცდას. ისინი უკრაინელების დასახმარებლად მოხალისეებსაც უერთდებიან. ვასიანოვიჩისთვის, გადაღების დროს კამერის ლინზა ერთგვარ ემოციური ბარიერია.

„როდესაც ვიღაცის ტკივილს იღებ, თანაგრძნობა გეუფლება. შენ ხედავ ამ სახეებს, შეშინებულ ბავშვებს და უძლურ მოხუცებს, რომლებიც გადარჩენას ძლივს ახერხებენ. თუმცა კამერა მაინც არის ბარიერი, რომელიც ემოციურ წნეხს ცოტათი მაინც გიმარტივებს“, ამბობს რეჟისორი.

უპირველესი მიზანი ინფორმაციის გავრცელებაა – იაცენკოს ფეისბუკგვერდზე ვიდეოები საავტორო უფლებების გარეშე ქვეყნდება.

„დილაობით სხვა ემოციები მაქვს, საღამოობით – სხვა. როდესაც მზე ამოდის და ცა ცისფერია, ოპტიმიზმით ივსები და გგონია, რომ გამარჯვება ახლოსაა. თუმცა საღამოსთვის ეს ტრაგედია უკვე მძაფრდება, თან ახალი ამბებიც ყოველთვის არც თუ ისე პოზიტიურია“ – ამბობს ვალენტინ ვასიანოვიჩი.

ომში ჯერჯერობით მხოლოდ კამერით არიან. თუმცა რეჟისორები ამბობენ, რომ თუ საჭირო გახდება, იარაღსაც აიღებენ ხელში.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend