მთავარიმსოფლიოუკრაინაში მიმდინარე ომის გამო თევზსაჭერის ინდუსტრია კრიზისშია

უკრაინაში მიმდინარე ომის გამო თევზსაჭერის ინდუსტრია კრიზისშია

ისედაც რთულ მდგომარეობაში მყოფი სექტორები უკრაინაში მიმდინარე ომმა კიდევ უფრო დააზარალა.  ამ სექტორებს შორის ერთ-ერთი თევზჭერის ინდუსტრიაა. ნავებისთვის საჭირო საწვავის ფასები გასული თვეების განმავლობაში თანდათან იმატებდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ მკვეთრად გაიზარდა.

თევზსაჭერი გემის მფლობელებს მხოლოდ საწვავის ფასი არ აზარალებთ. მათ სჭირდებათ მასალა, რომელიც გადამუშავებული ნავთობისგან იწარმოება, ასევე გარკვეული რაოდენობის ფოლადი, რომელზეც ფასები მკვეთრად იზრდება. ერთ-ერთი მეთევზე ამბობს, რომ თევზს კარგი ფასი აქვს, თუმცა ეს არ არის საკმარისი მათი ხარჯების დასაფარად.

ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, საფრანგეთში, დახმარების საგანგებო გეგმა შეიმუშავეს, თუმცა ესპანეთში სხვა ვითარებაა. თევზის ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გაფიცვა მოაწყვეს. მრავალი ქვეყანაა მსგავსი პრობლემის წინაშე, თუმცა მის მოსაგვარებლად არანაირი ზომა არ არის მიღებული.

ვითარება ნელ-ნელა გაუსაძლისი ხდება იმ გემების მფლობელებისთვის, რომლებიც ბელგიის პორტიდან ბრიტანეთის წყლებში თევზის დასაჭერად დაცურავენ. ერთი წლის წინ ამავე გემის საწვავით ავსება ორჯერ უფრო იაფი იყო, ვიდრე დღეს. სწორედ ამიტომ ევროპის 20-ზე მეტი ქვეყანა, რომლებსაც ესპანეთი უდგას სათავეში, ევროკომისიისგან განსაკუთრებული ზომების მიღებას მოითხოვს.

მათი ხმა ევროკომისიამდეც მივიდა. ევროკომისარი ოკეანისა და  თევზჭერის  საკითხებში ვირჯინიუს სინკევიჩიუსი აღნიშნავს, რომ, პროტესტების მიუხედავად,  მათ მყისიერად იმოქმედეს. დახმარების სახით მეთევზეებს 35 000 ევრომდე აუნაზღაურდებათ დამატებითი ხარჯები, მათ შორისაა საწვავზე გაწეული ხარჯი. ასევე გააქტიურდება კრიზისის მექანიზმი, რომელიც კრიზისული ვითარების შედეგების შესამცირებლად ევროპული სახსრების გამოყენებას გულისხმობს. მისი თქმით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ  ეს შესაძლებლობები, რათა დროულად დაეხმარონ მეთევზე ქალებსა და კაცებს და ზოგადად მთელ ინდუსტრიას.

ინდუსტრიის დასახმარებლად შემუშავებული გეგმა რამდენიმე დღეში გააქტიურდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend