„როსკომნადზორმა “მედიის წარმომადგენლებს მოსთხოვა, რომ ეს კომპანია ყოველთვის ექსტრემისტულ ორგანიზაციად მოიხსენიონ. ასეთივე წესი მოქმედებს ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოსა“ და ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული ორგანიზაციებზეც.
„როსკომნადზორმა“ ოფიციალურად კომპანია მეტას მთავარი პლატფორმა ფეისბუკი 4 მარტს დაბლოკა. 11 მარტს კომპანია მეტამ მოდერაციის წესები შეუმსუბუქა უკრაინელ მომხმარებელს. ფეისბუკი აღარ შლიდა ისეთ პოსტებს, რომლებშიც მომხმარებლები გამოხატავდნენ თავიანთ ემოციებს, თუ როგორ სურდათ რუსეთის სამხედროებისა და ვლადიმერ პუტინის სიკვდილი. სწორედ ამის საპასუხოდ გამოაცხადა რუსეთმა კომპანია მეტა ექსტრემისტულ ორგანიზაციად.
მეტას მფლობელობაში შედის როგორც ფეისბუკი, ასევე ინსტაგრამი. რუსეთმა ორივე პლატფორმის მუშაობა აკრძალა. ვოტსაპს ჯერ კიდევ იყენებენ რუსი მომხმარებლები, რადგან მას საჯარო გავრცელების ფუნქცია არ აქვს. კომპანია მეტას ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ოფიციალურად არ აქვთ წვდომა ფეისბუკსა და ინსტაგრამზე, როგორც ჩანს, რუსეთის სახელმწიფო უწყებებს კვლავ შეუძლიათ პოსტების გამოქვეყნება. მაგალითად, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ეწერა: „არასდროს გააბრაზოთ რუსული სამხედრო გემი”. პოსტს ათი ათასამდე კომენტარი მოჰყვა, მომხმარებლების დიდი ნაწილი უკრაინას უჭერდა მხარს.