მთავარისაქართველოქართველი დიზაინერები უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ქართველი დიზაინერები უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

უკრაინელებისთვის მოდა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. უკრაინა არაერთ წარმატებულ მოდის კვირეულს მასპინძლობდა და უკრაინელი დიზაინერების შემოქმედებას ყოველთვის ყურადღებით აკვირდებოდნენ მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები.

დღეს კი ისინი უკრაინაში მიმდინარე ომს გულმხურვალედ ეხმიანებიან. მსოფლიოში წარმატებული დიზაინერები და მოდის სახლები თავიანთ პოდიუმებს უკრაინელებისთვის სოლიდარობის გამოსახატად იყნებენ.

ერთ-ერთი პირველი ბრენდი, რომელმაც უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა ,,ბალენსიაგა” აღმოჩნდა. მსოფლიოში ცნობილი მოდის სახლის ქართველმა ხელმძღვანელმა, დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე 2022 წლის ზამთრის კოლექცია წარადგინა.

,,ბალენსიაგას“ შოუ თოვლიანი ქარიშხლის თანხლებით მიმდინარეობდა. იგი დიზაინერმა, უკრაინელების უშიშრობას, გამძლეობას, მშვიდობასა და სიყვარულის გამარჯვებას მიუძღვნეს. წარმმართველი ფერი შავი იყო – გლოვისა და მწუხარების, ალაგ-ალაგ გამონათებული თეთრი სამოსი შავს ანაცვლებდა და სიბნელისა და სინათლის გზაგასაყარზე, ბალენსიგას მოდის სახლის მოდელები  თოვლიან გზას მიუყვებოდნენ, როგორც ეს ჭუბერის უღელტეხილზე უკვე მოხდა.

,,ბალენსიაგას” შოუ

ჯორჯო არმანის მილანის შოუ კი მუსიკის გარეშე ჩაატარა. როგორც თავად დიზაინერმა განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მან უკრაინაში განვითარებული ტრაგედიის გამო  მიიღო.

ჯორჯო არმანის – 2022 წლის ზამთრის კოლექცია

უკრაინელების დასახმარებლად მოდის სახლმა ,,გუჩიმ“ 500,000 აშშ დოლარი გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს გადასცა. ბრენდებმა  შანელმა, ლუი ვიტონმა და ჰერმესმა სხვადსხვა ფონდში, უკრაინელი ბავშვებისა და ოჯახების დასახმარებლად მილიონობით ევრო გადარიცხეს, რუსეთში კი ყველა მაღაზია დახურეს და კომერციული საქმიანობა შეაჩერეს.

უკრაინელი ბავშვების დასახმარებლად ქართველი დიზაინერებიც გაერთიანდნენ. დიზაინერ ავთანდილ ცქვიტინიძის ინიციატივით, სხვადასხვა კოლექციის გაყიდვიდან შემოსული თანხა უკრაინელი ბავშვებისთვის გადაირიცხება.

,, პარალელური სამყარო იყო განსაკუთრებით ინტერნეტ სივრცეში, ომი და მოდის კვირეული ერთდროულად მიმდინარეობდა. რომ არა დემნა გვასალია, მოდის სფერო, მსოფლიო მასშტაბით, ასეთი აქტიური ვერ იქნებოდა. ჩვენმ ქართველი დიზაინერები ვაკეთებთ აქციას, სიმბოლურ ფასად ვყიდით ნაწარმა და შემოსული თანხა სრულად გადაერიცხებათ ბავშვებს, რომლებიც უკრაინაში ომის გამო დაზარალდა” – ავთანდილ ცქვიტინიძე.

კიდევ ერთი წარმატებული ქართველი დიზაინერი ქეთი ჩხიკვაძე ,,ევრონიუს ჯორჯიას“ პარიზიდან ჩაერთო და უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, მსოფლიოში წამყვანი  დიზაინერების გამოხმაურებებზე ისაუბრა.

,,მას შემდეგ რაც დემნამ, ახალი კოლექციის წარდგენით პროტესტი გამოხატა, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, მას თანაგრძობა გაუწიეს სხვა მოდის სახლებმა. ეს მესიჯი, რა თქმა უნდა ყველა გაიზიარა და მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები ერთ აზრზეა ახლა ევროპაში. მე რაც შემეხება, ვუერთდები ავთანდილ ცქვიტინიძის ინიციატივას და ჩვენი კოლექციებიდან შემოსული თანხა უკრაინელი ბავშვების დახმარებას მოხმარდება” – ქეთი ჩხიკვაძე. 

მოდის სახლებისა და დიზაინერების ერთიანობით მოხერხდა მილიონობით დოლარის შეგროვება უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად. მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლები სუნთქვაშეკრული ადევნებენ თვალს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს და იმედს გამოთქვამენ, რომ უკრაინა მომავალშიც უდიდეს წვლილს შეიტანს მსოფლიო მოდის განვითარებაში.

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend