მთავარიევროპაუკრაინაუკრაინაში რუსული ინტერვენციის 22 - ე დღე

უკრაინაში რუსული ინტერვენციის 22 – ე დღე

მარიუპოლიდან პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიის მიმართულებით მოსახლეობის ევაკუცია დაიწყო.

უკრაინელ ლტოლვილებს არჩევანი აქვთ, რომ დონბასში მდებარე სოფელ ნიკოლსკოეში არსებულ სკოლის შენობას შეაფარონ თავი ან თავად რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ ტაგანროგში ჩავიდნენ. განცხადება ამასთან დაკავშირებით ოკუპანტი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა.

“მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრენი ვართ. გუშინ, უკრაინული მხარის წინააღმდეგობის მიუხედავად მარიუპოლიდან 33 ათასი ადამიანის გამოყვანა მოვახერხეთ, მათი დიდი უმრავლესობა რუსეთის ფედერაციისკენ მიემართება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგის წევრებისადმი სიტყვით მიმართვისას ბერლინს, გერმანიის ეკონომიკური ინტერესების უკრაინის უსაფრთხოების ინტერესებზე წინ დაყენებაში დასდო ბრალი.

“როდესაც გეუბნებოდით, რომ “ჩრდილოეთი ნაკადი2”  წარმოადგენდა იარაღს და დიდი ომისათვის მზადების ნაწილს, თქვენგან პასუხად მივიღეთ, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური დატვირთვის მატარებელი საკითხი იყო. სინამდვილეში ეს ახალი რკინის კედლისათვის საშენი მასალა იყო. როდესაც გეუბნებოდით, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება აუცილებელი იყო, პასუხად მივიღეთ, რომ ეს არ განიხილებოდა და არც უახლოეს მომავალში განიხილებოდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 24 თებერვალს უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების დღიდან სამშობლო უკვე სამ მილიონზე მეტმა უკრაინელმა დატოვა.

დაახლოებით ორ მილიონამდე უკრაინელი ლტოლვილი პოლონეთის ტერიტორიაზე იმყოფება, დანარჩენი კი უნგრეთის, სლოვაკეთის, რუმინეთისა და მოლდოვას ტერიტორიებზე.

უკრაინის დედაქალაქი კი კვლავ იბომბება, რუსი ჯარისკაცები კიევში საცხოვრებელ სახლებს უმიზნებენ.

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლის თეატრი დაბომბეს, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ბევრი ადამიანი ნანგრევებში მოჰყვა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ კი ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

სატელიტის მეშვეობით გადაღებულ მასალაში ნათლად იკითხება, გიგანტური წარწერა შენობის მიმდებარედ – “შენობაში თავს ბავშვები აფარებენ”.

უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში კი მოსახლეობა რუსი ოკუპანტების თავდასხმის შედეგად დაზიანებული სკოლის შენობის აღდგენას ცდილობს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend