მთავარისაქართველოპრეზიდენტის კომპეტენციებზე სასამართლო დავას დეპუტატები აფასებენ

პრეზიდენტის კომპეტენციებზე სასამართლო დავას დეპუტატები აფასებენ

პრეზიდენტის ინსტიტუტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის დავა კომპეტენციებზე გრძელდება. პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი საჩივარი, პოლიტიკური მსჯელობის ნაწილი გახდა. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები პრეზიდენტის გადაცდომებსა და კონსტიტუციით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებზე საუბრობენ და სასამართლო დავაში აჟიოტაჟის საბაბს ვერ ხედავენ. მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოსგან მხოლოდ ფაქტის დადასტურებას და პრეზიდენტისთვის კონსტიტუციის ნორმების განმარტებას ელიან.

“ის აჟიოტაჟი, რაც ჩვენი გუნდის ამ სვლას მოჰყვა, მიმაჩნია რომ უსაფუძვლოა. რა თქმა უნდა უპირველესად ჩვენი დასაცავია საქართველოს კონსტიტუცია. არამარტო ჩვენ, არამედ ბევრი ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა რიგ საკითხებში დაარღვია კონსტიტუცია. ის, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა, კონსტიტუციის კონკრეტულ მუხლებს ეწინააღმდეგება, რასაც დაადგენს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს პრეზიდენტს ნათლად განემარტება მისი უფლებამოვალეობები“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა.

მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს, დამოუკიდებელი მოქმედებების გამო პრეზიდენტის დასჯის მცდელობად აფასებენ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები. მათი თქმით, პრეზიდენტმა გააკეთა ის, რაც „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ვერ ან არ შეძლეს. სწორედ ამან გამოიწვია მმართველ პარტიაში ბრაზი და აგრესია სალომე ზურაბიშვილის მიმართ. ზოგიერთი პოლიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტის შერყევის მცდელობით, უმრავლესობა რუსეთის მაამებლურ ნაბიჯებს დგამს.

“უცნაურია არა ის, თუ რატომ წავიდა პრეზიდენტი დასავლეთში, არამედ უცნაურია თუ რატომ არ წავიდა მთავრობის მეთაური და საგარეო საქმეთა მინისტრი – ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, წასულიყო ევროპაში და საქართველოს ევროპულ პერსექტივაზე სტრატეგიულ მოკავშირეებთან ესაუბრა, მთლიანად ვუჭერ მხარს. მთავრობის პოლიტიკა აბსოლუტურად არათანმიმდევრულია. ეს მთავრობა ვერც რუსეთისგან მიიღებს იმას რისი იმედიც აქვს და რაც ყველაზე მთავარია, დასავლელ პარტნიორებთანაც პრობლემას გავიჩენთ. ასეთი არათანმიდევრულობით ვერც ერთი მხარის გულს ვერ მოიგებ. ის, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ ხდება ამ ვითარებაში არის მინიმუმ არასწორი პოზიცია“, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ.

ჯერ უცნობია რა მიმართულებით განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო მთავრობის მიერ შეტანილ სარჩელს. შესაბამისად, უცნობია რა გაგრძელება მოჰყვება ორ უმაღლეს უწყებას შორის წარმოშობილ ამ სამართლებრივ თუ პოლიტიკურ დავას.

ალეკო გვეტაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend