მთავარიევროპაიტალიაიტალიის ქალაქ ერკოლანოში უკრაინიდან 55 ლტოლვილი შეიფარეს

იტალიის ქალაქ ერკოლანოში უკრაინიდან 55 ლტოლვილი შეიფარეს

დედა უსაფრთხო გარემოში ეთამაშება თავის შვილს  – ეს სურათი განსხვავებულია იმ შემზარავი სცენებისგან, რომლებიც დღეს უკრაინაში ვითარდება. ადამიანები ოჯახის წევრებთან ერთად  ცდილობენ, ავიდნენ მატარებელში, რომელიც მათ ომს გაარიდებს.

ტაისიამ და მისმა შვილმა თავშესაფარი ნეაპოლთან ახლოს, ერკოლანოში, იმ ოჯახში იპოვეს, რომელმაც ჩერნობილის ამბების დროს ტაისია 7 წლის ასაკში შეიფარა.

ოჯახის მასპინძელი ანა კიოფი იხსენებს, როგორ მიიღო უცხო გოგონა მრავალი წლის წინ. მათ არც უკრაინული იცოდნენ და არც ის, როგორ უნდა მოქცეოდნენ პატარა გოგონას. თუმცა ამ დაბრკოლებებს ხელი არ შეუშლია იმისთვის, რომ საბოლოოდ ასე დაახლოებულიყვნენ.

ტაისია იტალიაში პირველად 26 წლის წინ ჩავიდა, მაშინ იგი გამოექცა უხილავ მტერს, რადიაციას ჩერნობილის რაიონიდან. დღეს კი ხილულმა და ავის მომასწავებელმა მტერმა აიძულა, დაბრუნებულიყო იმავე ოჯახში, რომელმაც მას ბავშვობაში უმასპინძლა.

ტაისიას არასდროს გაუწყვეტია კონტაქტი ამ ოჯახთან, თუმცა ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ კვლავ მათი დახმარება დასჭირდებოდა.

ტაისია მადლობას უხდის ამ ოჯახს, რომელმაც იგი შვილთან ერთად  კიდევ ერთხელ მიიღო. ადამიანები სასოწარკვეთილ მდგომარეობაში არიან, რადგან არ იციან,  სად უნდა წავიდნენ. ტაისიას კი ჰქონდა თავშესაფარი. მან გაარიდა შვილი იმ უბედურებას, რომელიც მის ქვეყანაში ტრიალებს.

ისინი იმ 55 დევნილ შორის არიან, რომლებიც ერკოლანოს მუნიციპალიტეტისა და წითელი ჯვრის დამხარებით იტალიაში ჩავიდნენ.

ერკოლანოს მერის ჩირო ბუონაიუტო ამბობს, რომ მათი მიზანი დევნილების საზოგადოებასთან ინტეგრაციაა. ქვეყანაში მათთვის შეიქმნა  ჯანდაცვის პროგრამა, უკრაინელ ბავშვებს შესაძლებლობა ექნებათ, იტალიელ ბავშვებთან ერთად იარონ სკოლაში. ერკოლანოს მერის აზრით, უკრაინელი დევნილები მათ ქალაქს და ქვეყანას ბევრს შემატებენ.

მართალია, ტაისია აქ თავს  უსაფრთხოდ გრძნობს,  თუმცა ვერ ივიწყებს თავის მეგობრებსა და ნათესავებს, რომლებიც უკრაინაში დარჩნენ და გასაჭირში არიან.

ჩერნობილის კატასტროფიდან მოყოლებული უკრაინის ომამდე ტაისიას ცხოვრებაში მუდმივად რაღაც ხდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგაც მისი მეორე ოჯახი მზად არის მის დასახმარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend