160 სამოქალაქო მანქანის კოლონამ საევაკუაციო დერეფნის გახსნის შემდეგ, საბოლოოდ მოახერხა განადგურებული ქალაქის მარიუპოლის დატოვება.
სურსათის მიწოდების რამდენიმედღიანი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობა მანქანებით ქალაქ ზაპორიჟიაში გადაიყვანეს.
უკრაინის არმიაში განაცხადეს, რომ მათ მოიგერიეს რუსეთი, რომელსაც სურდა კონტროლი დაემყარებინა სტრატეგიულ საპორტო ქალაქ მარიუპოლზე.
რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინა 3 მილიონამდე ადამიანმა დატოვა.
წითელი ჯვარის წარმომადგენლების შეფასებით უკრაინის დიდ ქალაქებში დარჩენილები უმძიმეს მდგომარეობაში არიან.
პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსეთი დასახულ მიზანს მაინც ვერ აღწევს.
“ეს არ შეიცვლება. ვფიქრობ, რომ ისინი კვლავ იმედგაცრუებული არიან უკრაინელების წინააღმდეგობის გამო. მიუხედავად ამდენხნიანი ბრძოლისა, ფაქტობრივად, მათ პროგრესს ვერ მიაღწიეს. სავარაუდოდ, მათ სხვა მოლოდინი ჰქონდათ და ფიქრობდნენ, რომ ამ ეტაპისთვის მეტს მიაღწევდნენ”, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა ჯონ კირბიმ.
ოფიციალური პირების ინფორმაციით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა და 26 დაშავდა მას შემდეგ, რაც ქალაქში უკრაინული ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტა „ტოჩკა“ ჩამოვარდა. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ რაკეტა აღჭურვილი იყო კასეტური ბომბებით.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე პროგრამა „ვრემიას“ პირდაპირ ეთერი ომის საწინააღმდეგო აქციამ შეწყვიტა.
არხის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაცემის წამყვანის უკან ანტისაომარი პლაკატი გაშალა.
პროგრამა „ვრემიას“ წამყვანი ეკატერინა ანდრეევა საუბრობდა მთავრობის გეგმებზე, რომლებიც დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების შემსუბუქებას ითვალისწინებდა. სწორედ ამ დროს სტუდიაში გამოჩნდა უცნობი ქალი, რომელმაც გაშალა პლაკატი წარწერით: “შეაჩერე ომი. არ დაუჯეროთ პროპაგანდას. აქ ისინი მოგატყუებენ”. შემდეგ კი წარმოთქვა სიტყვები: „შეაჩერე ომი!”და “არა ომს!”.