მარადიულ ქალაქში ერთმანეთს შეხვდნენ სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის უფროსი მრჩეველი საგარეო საკითხებში.
ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ეჭვობენ, რომ პეკინი უკრაინაში რუსულ ინტერვენციას საკუთარი ინტერესებისათვის გამოიყენებას შეეცდება. ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც.
”ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას და ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს, რომელმაც რუსეთის ფედერაციას შესაძლოა ფინანსური ან სამხედრო დახმარება გაუწიოს. თუ პეკინი ამ ნაბიჯს გადადგამს ეს ჩვენთვის მიუღებელი იქნება, ვინაიდან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას მოსკოვზე დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია, რუსულ ჩინური ურთიერთობები დიდწილად განსხვავდება ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მოსკოვთან ორმხრივი ურთიერთობებისგან, შესაბამისად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შესწევს ძალა და უნარი რომ დიდი წვლილი შეიტანოს უკრაინაში მიმდინარე სისხლისღვრის შეჩერებაში”, – განაცხადა ნედ პრაისმა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც პეკინი მზადყოფნას გამოთქვამს მოსკოვისათვის სამხედრო დახმარების გაწევის თაობაზე. ჩინური მხარე ვაშინგტონს დეზინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს.
”ყველამ მოვისმინეთ 14 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადება, მან უარყო მოსკოვის მიერ პეკინისათვის სამხედრო დახმარების გაწევის მიზნით მიმართვა. ამერიკის შეერთებული შტატები დეზინფორმაციას ავრცელებს, ეს არა მხოლოდ არაპროფესიონალური საქციელია, არამედ უპასუხისმგებლო და ამორალური. ამ გზით ვაშინგტონი მსოფლიოს ნდობას დაკარგავს”, – აცხადებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი ჟაო ლი ჯი იანი.
თურქეთის რესპუბლიკას ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი.
ორივე სახელმწიფოს მეთაური შეთანხმდა, რომ აუცილებელია უკრაინიაში ომის დასრულებისათვის დიპლომატიური ძალისხმევის გაგრძელება.
”აუცილებელია, შევინარჩუნოთ კარგი ურთიერთობები, როგორც უკრაინის ასევე რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებთან. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ გაერთიანებული ერების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს უნდა დავემორჩილოთ. უკრაინის დახმარების მიზნით ჩვენ გადავდგით ისეთი ნაბიჯები რომელიც ზოგ ნატოს წევრ სახელმწიფოს არ გადაუდგამს, ვაგრძელებთ კიევისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევასაც”, – აცხადებს რეჯეპ ტაიპ ერდოღანი.
უკრაინის დედაქალაქის დაბომბვა კი გრძელდება. ოკუპანტები საცხოვრებელ სახლებს მომბავენ. უკრაინის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა განცხადებით, რუსი ოკუპანტები კიევის დედაქალაქს არტილერიით ბომბავენ.