რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო ევროპის სხვადასხვა სექტორში პროდუქტების ფასები გაიზარდა. მნიშვნელოვანად მოიმატა ხორბლისა და ფქვილის ფასმაც. ბელგიელი მცხობელები და კონდიტერები ახალი სირთულეების წინაშე აღმოჩნდენ. ხორბლისა და ფქვილის ფასთან ერთად ასევე გაიზარდა ელექტროენერგიის გადასახადი. კონდიტერებს მიაჩნიათ, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
არნო ზალიე შეფმზარეულია, რომელიც ყოველდღიურად იყენებს ფქვილს, როგორც თავად ამბობს, თეთრ ოქროს. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ნედლი პრუდუქტის ფასი მკვეთრად გაიზარდა. არნოს რამდენიმე საერთაშორისო ტიტული აქვს მიღებული. თუმცა ფასების ცვლილებით გამოწვეული პრობლემა მასაც შეეხო. არნომ ჯერ არ იცის, როგორ წარიმართება მისი საქმე და როდის გამოსწორდება მდგომარეობა.
არნო ამბობს, რომ გასული წლის ბოლო თვეებში პროდუქტებზე ფასი 30 პროცენტით გაიზარდა, მდგომარეობა ომმა კიდევ უფრო დაამძიმა. კონდიტერები უკვეთავენ ფქვილს, თუმცა ზუსტი ფასი არ იციან, შესაბამისად, უჭირთ პროდუქციაზე ფასის დადება. ამის გამო კარგავენ მომხმარებლებს. მათ სხვა გზა არ აქვთ, გარდა იმისა, რომ ბაზრის ფასები გაითვალისწინონ.
არნო იძულებული გახდა, თანამშრომლების დიდი ნაწილი სამსახურიდან დაეთხოვა. ამჟამად სამზარეულოში მას მხოლოდ ერთი კონდიტერი ეხმარება. შეფმზარეული ყოველდღიურად რთავს ღუმელს, რომ ბიზნესი არ გაჩერდეს. მთელი სექტორი ახლა შეშფოთებით ადევნებს თვალს რუსეთსა და უკრაინას შორის განვითარებულ მოვლენებს.
როგორც ბელგიის კონდიტერთა კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალბერტ დენონსინი ამბობს, მცხობელები ძირითადად უკრაინაზე არიან დამოკიდებული. მისი აზრით, უკრაინა მნიშვნელოვანია ევროპისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, მიმდინარე მოვლენების გამო უკრაინიდან პროდუქტი აღარ გადის, ეს კი ხორბლის ფასის გაოთხმაგებას გამოიწვევს.
დაახლოებით 3500 მცხობელი მხოლოდ ფქვილის გამო არ არის შეშფოთებული. გასული თვეების განმავლობაში ქვეყანაში გაიზარდა ფასები ენერგიაზეც. უკრაინაში მიმდინარე ომის გამო ფასების მატება გარდაუვალი იქნება.
კონდიტერი არნო ზალიე ამბობს, რომ გასულ წელს ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი 3 000 ევრო იყო, ახლა კი 9000 ევროა. ჯერჯერობით არავინ იცის, მომავალ წელს რამდენის გადახდა მოუწევთ.
მიუხედავად ნედლ პროდუქციასა და ენერგიაზე ფასების ზრდისა, საცხობებში მარაგი ჯერ კიდევ არ ამოწურულა.