მთავარისაქართველოიაცავს თუ არა სათანადოდ საქართველოს უსაფრთხოებას შესაბამისი უწყებები - შსს მინისტრი პარლამენტში

იაცავს თუ არა სათანადოდ საქართველოს უსაფრთხოებას შესაბამისი უწყებები – შსს მინისტრი პარლამენტში

პარლამენტის ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე, რომელზეც განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციას ისმენენ დეპუტატები, შინაგან საქმეთა მინისტრს მოუსმინეს.

ვახტანგ გომელაურმა კანონმდებლებს საიდუმლო შესყიდვების, სპეციალური პროექტების, საზღვრის კონტროლისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სამინისტრო და უსაფრთხოების სამსახური მოწოდების სიმაღლეზეა. საზოგადოებას არც რუსეთის მოქალაქეების მიგრაციით და არც სხვა გამოწვევების მხრივ სანერვიულო არაფერი აქვს.

„საზღვარი კონტროლდება ძალიან მაღალ დონეზე. უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, გვაქვს მაქსიმალურად აქცენტი გამახვილებული უსაფრთხოებაზე – როგორც მწვანე საზღვარზე, ასევე გამშვებ პუნქტებზე. იყო ძალიან ხშირი საუბარი, თითქოს რაღაც უპრეცედენტოდ მოიმატა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლამ საქართველოში. ეს არ არის მართალი. 2020 წელს დაკეტილი იყო მთლიანად. 2019 წელს და 2021 წელს თუ შევადარებთ, დაახლოებით 70 პროცენტია შემოსული, რაც მაშინ შემოდიოდა, იმაზე ნაკლებია აქედან კიდევ ძალიან ბევრი შემოდის, მაგალითად, თურქეთიდან ჩრდილოკავკასიის მოსახლეობა, ჩეჩნები, დაღესტნელები, ინგუშები, რომლებიც ჩარჩნენ და ვეღარ გადაფრინდნენ თავის ქვეყნებში, გაჩერდა ფრენები. უმეტეს შემთხვევაში არიან ქალები და ბავშვები, რომლებიც თურქეთში, სტამბოლში, ანკარაში ქირაობენ ავტობუსებს, ოჯახებით მოდიან და პირდაპირ გადიან ლარსიდან. ესეც ითვლება ამ ხალხში, რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, თუმცა ტოვებენ ქვეყანას, გადიან. რომ ვთქვა, ნახევარი რჩება, არ რჩება. დაახლოებით სამი ათასია, რომლებიც შემოვიდნენ და ჯერ არ გასულან“, – აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.

მინისტრის განცხადებებმა ბუნდოვანების განცდა დაუტოვა საპარლამენტო ოპოზიციას. მმართველი პარტიის ოპონენტების თქმით, ქვეყანაში რუსეთის დაზვერვის, KGB-ს და სხვა უწყებების აგენტურული ქსელი მძლავრად მოქმედებს. სუსის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა კი არაეფექტურია.

“ნაკლებად მჯერა განცხადებების, რომ რუსეთის მოქალაქეთა ფილტრაციას ახდენენ და საფრთხე რუსეთისგან არ მომდინარეობს. ქალაქში აშკარად შეიმჩნევა მოზღვავება რუსი მოქალაქეების. ახლა მნიშვნელოვანია ნამდვილად მოხდეს ფილტრაცია, ვინ არის მართლა დევნილი, ტურისტი და ვინაა პროპაგანდისტი ან ვინ შეიძლება იყოს სავარაუდო დივერსანტი. ეს არის სპეცსამსახურების საქმე, მე ვისურვებდი ნამდვილად მშვიდად ვიყოთ, მაგრამ „ქართული ოცნების” პირობებში, ამის განცდა არ მაქვს”, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობიდან ნდობის ჯგუფის წევრის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შესაბამისი უწყებები თავიანთ საქმეს მაღალ დონეზე ასრულებენ და საზოგადოებაში არსებული შიშები თუ მოლოდინები უსაფუძვლოა.

„აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები იყოს დაცული, ყველა სხვა ნაბიჯი შეიძლება იყოს განხილული და მსჯელობის საგანი ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. შემიძლია გითხრათ, რომ შესაბამისი უწყებები რომლებიც უფლებამოსილია საზღვრის კონტროლი განახორციელოს, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და ეროვნული ინტერესები დაიცვას, ოპერატიულ რეჟიმში მუშაობს. თუკი იქნება საჭიროება შესაბამისი ღონისძიებების გატარებისა, გაატარებენ და დამერწმუნეთ, ისინი ამას ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ, შეიძლება ეს საჯაროდ არ იყოს ცნობილი”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფართო ფორმატით, პარლამენტი მინისტრ გომელაურს 17 მარტის პლენარულ სხდომაზე მოუსმენს. ე.წ. „მინისტრის საათის“ ფორმატში, დეპუტატებს და საზოგადოებას საშუალება ექნებათ მოუსმინონ მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე შესაბამისი უწყებების რეაგირებაზე, მეტი ინფორმაცია მიიღონ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend