მთავარიევროპაუკრაინაპენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული არმია უკრაინაში კრიზისშია, რუს ოკუპანტს არ აქვს საკმარისი...

პენტაგონში აცხადებენ, რომ რუსული არმია უკრაინაში კრიზისშია, რუს ოკუპანტს არ აქვს საკმარისი საწვავი და საკვები

უკრაინაში რუსული ინტერვენციის მე - 13 დღე

უკრაინის პრეზიდენტი დედაქალაქში რჩება. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ის სამშობლოს დედაქალაქში დარჩება მანამ სანამ სამამულო ომში გამარჯვებისათვის იქნება საჭირო.

უკრაინის პრეზიდენტმა მოსკოვს ბრალი დასდო ჰუმანიტარული კორიდორების შექმნის შესახებ შეთანხმების დარღვევაში. ზელენსკის განცხადებით, რუსულმა არმიამ ჰუმანიტარული დერეფნისთვის შერჩეული გზები დანაღმა.

“მიღწეულ იქნა შეთანხმება ჰუმანიტარული კორიდორების შექმნის შესახებ. შესრულდა კი ეს შეთანხმება? სინამდვილეში ამ მიდამოებში მივიღეთ მეტი რუსული ტანკი, ნაღმი და რუსი ჯარისკაცი. რუსულმა არმიამ ჰუმანიტარული დახმარებისათვის განკუთვნილი გზებიც კი დანაღმა. მე ვრჩები კიევში, არ ვიმალები და არ მეშინია. დავრჩები კიევში სამამულო ომში გამარჯვებამდე“,  – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი აცხადებს, რომ ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის ფრონტის ხაზებზე წარუმატებლობის ფონზე, რუსული არმია ძირითადად სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვაზე გადავიდა, შედეგად კი უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი იზრდება. ამავე დროს რუსული შეიარაღებული ძალები განიცდიან დიდ ლოჯისტიკურ პრობლემებს, მათ არ ჰყოფნით საწვავი და საკვები.

“გვჯერა, რომ რუსული არმია კრიზისს განიცდის, მათი წინსვლა შენელებულია და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მათ რაიმე ხელშესახები წარმატება არ ჰქონიათ, გამონაკლისია სამხრეთის ფრონტი. სამხრეთში მათ აქვთ წინსვლა, მაგრამ არა ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით. შესაბამისად, მოსკოვი უფრო აქტიურად იყენებს სარაკეტო და საარტილერიო ძალებს, შედეგად იღუპებიან უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეები და დიდი ზიანი ადგება უკრაინულ ქალაქებს“, – აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

რუსული არმია აგრძელებს უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის ხარკოვისა და აღმოსავლეთში მდებარე კიდევ ერთი ქალაქის, სუმის დაბომბვას. ამ ქალაქებში განსაკუთრებით დიდია მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებში.

რუსეთის ფედერაციისა და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენელთა რიგით მესამე შეხვედრაც უშედეგოდ დასრულდა.

“განვიხილეთ სამხედრო პოლიტიკური საკითხები. მოლაპარაკებები რთულ ვითარებაში მიმდინარეობს და ჯერ ადრეა რამე დადებით შედეგზე საუბარი“,  –  ამბობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსული დელეგაციის მეთაური ვლადიმირ მედინსკი.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივანი ენტონი ბლინკენი კი აგრძელებს ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში ვიზიტს. ლიეტუვასა და ლატვიის შემდეგ ის ესტონეთში გაემგზავრა.

მოსკოვმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გამოაცხადა, თუმცა დიდი ალბათობით რუსული მხარე ამ მომენტს საკუთარი სამხედრო ძალების გადაჯგუფებისათვის იყენებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend