გუგლის ლაბორატორია ავრცელებს ინფორმაციას გარკვეული საფრთხეების შესახებ. მათი ცნობით, გააქტიურებულები არიან ონლაინ-დამნაშავეები, რომელთა უკან დგანან რუსეთის, ბელარუსისა და ჩინეთის სპეცსამსახურები. რუსეთთან დაკავშირებული ჰაკერული დაჯგუფებები, როგორცაა „ფენსი ბეარ“ და „გოსტრაითერი“, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მუშაობენ ფიშინგ თავდასხმებზე, რათა მიიღონ წვდომა იმ მომხმარებლის პაროლებზე, რომლებიც იყენებენ .ru ან .ua დომეინებს, ხოლო ჩინური დაჯგუფებების სამიზნე ქვეყნები ევროკავშირია.
საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელა სოციალური ქსელის ქართულ სეგმენტშიც. ბევრმა მომხმარებელმა გადმოწერა აპლიკაცია Photolab, რომლის მეშვეობითაც ადამიანები საკუთარ ფოტოებს ამუშავებენ და ამით უკრაინის მხარდაჭერას გამოხატავენ. სინამდვილეში, ეს აპლიკაცია რუსულ დაზვერვასთან არის კავშირში. ამის გაგება შესაძლებელი გახდა აპლიკაციაზე დამატებითი ინფორმაციის შესწავლის შემდეგ, სადაც ჩანს, რომ აპლიკაცია რეგისტრირებულია მოსკოვში. აღმოჩენა მომხმარებელმა დათო მეგრელიშვილმა დააფიქსირა. აპლიკაციების მთავარი საშიშროება ისაა, რომ მათი გადმოტვირთვის შემდეგ დაზვერვის სამსახურს წვდომა ეხსნება მოხმარებლის პაროლებსა და სხვა პირად ინფორმაციაზე.
„სასურველია, რუსულ აპლიკაციებს მოვერიდოთ, რადგან ისინი ძალიან ბევრ მონაცემზე ითხოვენ წვდომას და ამ მონაცემებს აუცილებლად გადასცემენ რუსულ სპეცსამსახურებს. უსაფრთხოა იმ აპლიკაციების გამოყენება, რომლებიც მონაცემთა დაცვის ევ კანონმდებლობას ითვალისწინებენ ან ამერიკული კომპანიების მიერაა შექმნილი“, – აღნიშნავს კიბერსპეციალისტი ანდრო გოცირიძე. მისი თქმით, ტელეფონის უსაფრთხოებისთვის საჭირო იქნება, რომ ჩამოტვირთული აპლიკაცია წაიშალოს.