მთავარიევროპაუკრაინა„იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი საერთო გვექნება მალე, ვიდრე ეს ომია“ -...

„იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი საერთო გვექნება მალე, ვიდრე ეს ომია“ – მოხალისე უნგრეთიდან

გაეროს მონაცემებით, სულ რაღაც ერთ კვირაში, მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინის ტერიტორიაზე მილიონ ორასი ათასზე მეტმა უკრაინელმა დატოვა ქვეყანა. უმეტესობა მათგანი მეზობელ ქვეყნებში გარბის.

ერთ-ერთი ქვეყანა არის უნგრეთი, სადაც ბოლო მონაცემებით 100 ათასზე მეტი დევნილი ჩავიდა. უნგრეთში შეიქმნა მოხალისეთა ორგანიზაცია, რომელიც დევნილებს უნგრეთში შემოსვლის შემდეგ ეხმარება. “ევრონიუს ჯორჯია” ერთ-ერთ მოხალისეს, წარმოშობით უკრაინელ იულია ვალოვას გაესაუბრა. მისი თქმით, უკრაინელებს ფიზიკურის გარდა ფსიქოლოგიური დახმარებაც სჭირდებათ.

„დევნილები განადგურებულები არიან. მათ არ იციან, რა მდგომარეობაშია მათ მიერ დატოვებული სახლები. არ იციან, როგორ არიან მათი ახლობლები. ჩვენთან ჩამოდიან უკრაინელები კიევიდან, ხარკოვიდან, ოდესიდან. არ იციან, სად წავიდნენ და როგორ მოიქცნენ. არ იციან, დარჩნენ თუ არა უნგრეთში  და დაელოდონ სანამ მშვიდობა დაისადგურებს, რათა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური დახმარებაც, რომელსაც ჩვენ უზრუნველვყოფთ.

მე მყავს ბებია და დეიდა უკრაინაში. ვუთხარი, რომ ცოტა ხნით ჩამოსულიყვნენ აქ, მაგრამ უარს მეუბნებიან. ამბობენ, რომ თუ რუსი სამხედროები მოვლენ, ყველაფერს დაგვინგრევენ, ამიტომ რჩებიან უკრაინაში”, – ამბობს მოხალისე.

იულია ვალოვა ამბობს, რომ დემონსტრაციები უნგრეთში ყოველდღე იმართება. „ევროპამ უნდა გააკეთოს მეტი. მათ უნდა გააკეთონ მეტი. ჩვენ თუ პუტინს ახლა არ გავაჩერებთ, თუ არ გავაჩერებთ ამ ბოროტებას, ამ სატანას, ისინი მოვლენ უნგრეთშიც, ამიტომ სულ დემონსტრაციები გვაქვს ახლა. დღეს  დემონსტრაცია რუსეთის საელჩოსთან იმართება. უნგრეთი მხარს უჭერს უკრაინას, შეიძლება ოდნავ განსხვავებულია უნგრეთის მთავრობის ქცევისგან, მაგრამ უნგრელები მხარს უჭერენ უკრაინელებს. ხალხს მოაქვს საჭმელი.  ექიმები რეკავენ თუ საჭიროა დახმარება, მოაქვთ მანქანები სატვირთო ავტობუსები და .ა.შ. ჯერ არ გამიგია უნგრელისგან, რომ ამ სიტუაციისგან შორს იყოს და არ დაეხმაროს უკრაინას. ზოგიერთი მართალია ამბობს, რომ თუ ევროკავშირი და ნატო არ ჩაერევა ახლა, ეს უფრო დიდ ომში გადაიზრდება.

მადლობა ქართველებს, მე ვნახე ბევრი ქართველის მხარდაჭერა. აქ, უნგრეთშიც, გამოდიან დემონსტრაციებზე ქართული დროშებით. ვიცი , რომ ყველაფერი გამოგივათ, თქვენც იცით, რას ნიშნავს ეს აგრესია და ომი ამიტომ ვიცი, რომ ყველაფერი ზუსტად გესმით.  იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი საერთო გვექნება მალე, ვიდრე ეს ომია“, – ჰყვება მოხალისე უნგრეთიდან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend