მთავარისაქართველოპრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტი ხუთ მარტს არ მოუსმენს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარლამენტი ხუთ მარტს არ მოუსმენს

პარლამენტის პლენარული სხდომა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიში და ბრიუსელში ვიზიტის დეტალები უნდა მოესმინათ, ხუთ მარტს არ ჩატარდება. გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ, ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე მიიღო. მმართველი პარტიის დეპუტატების მოსაზრებით, მოცემულ ვითარებაში ამის სასწრაფო საჭიროება არ არის. ვრცელი განმარტება თავად პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

„მე მექნება კომუნიკაცია პრეზიდენტთან, ამ გადაწყვეტილებას გავაცნობ და ამავე დროს, შევთავაზებ კონსულტაციას თარიღთან დაკავშირებით, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ჩვენი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის უნდა შეთანხმდეს ყოველწლიური მოხსენების თარიღი. ამავე დროს, მზად ვარ, მას, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, შევხვდე იმ საკითხებთან დაკავშირებით, რაზეც მას საუბარი შესაძლოა, ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით სურდეს”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე გაკვირვებული დარჩა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით. ბიუროს სხდომის განმავლოაში, მან რამდენჯერმე სცადა „ქართული ოცნების“ დეპუტატებისთვის აეხსნა პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენის საჭიროება.

„პრეზიდენტი პარლამენტში წარადგენს არა ყოველწლიურ ანგარიშს, არამედ მოხსენებას. ჩემი წინადადებაა პატივი ვცეთ პრეზიდენტის ინსტიტუტს, პატივი ვცეთ პრეზიდენტს, როგორც ქალ პრეზიდენტს და მხარი დავუჭიროთ პრეზიდენტს პარლამენტის 5 მარტს მოსვლას და მოხსენებით გამოსვლას.

სიმართლე გითხრათ მიკვირს, ვერ გამოვიტანე აქედან დასკვნა, რატომ შეიძლება ამას მოჰყოლოდა ამდენი დაპირისპირება პოლიტიკურ პარტიებს შორის. რაც შეეხება იმას, 15 მარტს დათანხმდება თუ არა, ამაზე უნდა გავიარო კონსულტაციები მასთან,”- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ორ საათიანი სხდომის განმავლობაში აქტიურობდა ოპოზიცია. ოპონენტები სამი მთავარი არგუმენტით ითხოვდნენ პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოხსენების მოსმენას – ბრიუსელში ვიზიტის, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან სატელეფონო საუბრის დეტალები. ასევე, 2021 წლის შეჯამება პრეზიდენტის ხედვით და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პერსპექტივები, ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებთან ერთად. მას შემდეგ, რაც ოპონენტ დეპუტატებს შორის მოსაზრებების დაახლოება ვერ მოხდა, ოპოზიციის უმრავლესობამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. მათი თქმით, მმართველი პარტია პრეზიდენტზე გაბრაზებულია, რადგან ბრიუსელში ვიზიტის დეტალები „ქართულ ოცნებასთან“ არ შეათანხმა.

„ჩემი წარმოდგენით, საქართველოს პრეზიდენტის პარლამენტში მოსვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ გუშინ შევიტანეთ ევროკავშირში დაჩქარებული წესით წევრობის განაცხადი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს განაცხადი დაკმაყოფილდეს. ასევე, სალომე ზურაბშვილი ბოლო პერიოდის განმავლობაში გახლდათ ბრიუსელში, შეხვდა ემანუელ მაკრონს, ესაუბრა ბლინკენს. ამ სიტუაციაში, როდესაც ყველა ვამაყობთ და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განაცხადი შევიტანეთ და ამ დროს პრეზიდენტი ბრუნდება ბრიუსელიდან, საფრანგეთიდან, მიკვირს, რატომ შეიძლება გადაითარგმნოს მისი გამოსვლა როგორც ანგარიში. მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, მაინტერესებს, რა უთხრეს ჩვენს პრეზიდენტს ჩვენმა პარტნიორებმა. არ ვდაობ არც პროცედურულ საკითხებზე, არც პოლიტიკურად, ერთხელ ერთიანი პოზიცია გქონდეთ. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გვინდა შესვლა და ამ დროს პოლიტიკური კულტურაც კი არ გვაქვს ერთმანეთთან მოლაპარაკების, თანხმობის და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტზე ვამბობთ, რომ ახლა არ არის ამის დრო და ერთი კვირის შემდეგ მოვიყვანოთ“, – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტს “ქართული ოცნება“ სთავაზობს, რომ წლიური ანგარიშის მოსმენა პარლამენტში 15 მარტის სხდომაზე გაიმართოს. ბრიუსელში ვიზიტის დეტალების მსომენას კი სხვა ფორმატში მოიაზრებს. უცნობია რა გადაწყდება ორ უწყებას შორის კონსულტაციების შედეგად.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend