ლიეტუვაში NAT0-ს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო, მას უახლოეს დღეებში ლატვია და ესტონეთიც შეუერთდება.
გასულ კვირას უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის საპასუხოდ ალიანსის წევრთა გადაწყვეტილებით, გააქტიურდა ორმხრივი თავდაცვის გეგმები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში. წვრთნაში სახელწოდებით “ხმლების გადაკვეთა” მონაწილეობენ ბალტიისპირეთის ქვეყნების, პოლონეთის, აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სახმელეთო ძალები.
ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა უკრაინაში რუსეთის საბრძოლო ძალების შეჭრის გასაპროტესტებლად.
„ ჩვენ ვდგავართ ვილნიუსში რუსეთის საელჩოს წინ და ვიწყებთ ოთხდღიან უწყვეტ პროტესტს უკრაინაში რუსეთის საბრძოლო ძალების შეჭრის წინააღმდეგ. ჩვენ არ მოვასვენებთ მათ მანამ, სანამ ისინი განაგრძობენ დანაშაულის ჩადენას უკრაინაში. არ ვაპატიებთ ომის დანაშაულს და უკრაინაზე თავდასხმას”,- ამბობს აქციის ორგანიზატორი ანდრიუს ტაპინასი
დემონსტრანტები აქციაზე მივიდნენ უკრაინის დროშებით, ყვითელი და ლურჯი ყვავილებით, ქვეყნის მხარდამჭერი პლაკატებით და მოუწოდებენ რუსეთის ძალებს, რომ დატოვონ უკრაინა.
“ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევაჩეროთ ეს, რადგან თუ პუტინს ახლა არ შევაჩერებთ, ის ჩვენთანაც მოვა. ასე რომ, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი, ეს არის ყველას ომი. ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკარაინელებს, რადგან შემდეგი ჩვენ ვიქნებით.”-ამბობს აქციის მონაწილე რენატასი
“დღეს ჩვენს კომპანიასთან ერთად მოვედით აქ უკრაინის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, ყველაფერი შესაძლებელია და პუტინი, შესაძლოა, ჩვენთანაც მოვიდეს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი და ნატო დაგვეხმარება რუსეთის ძალების შეჩერებაში”.- ამბობს დემონსტრანტი იურგა
აქციასთან ახლოს მოწყობილ სახელოსნოებში აქციის მონაწილეები ამზადებენ პლაკატებს და აგროვებენ დახმარებას უკრაინელებისთვის.
“ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას და ვაჩვენოთ რუსეთის საელჩოს, რომ დროა შეწყვიტოს ომი და ჩვენი მთავრობა უკრანიელ სამხედროებს ფინანსურადაც დაეხმაროს.”- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე მიგლე დე არუნასი
აქციას სამართალდამცველთა ჯგუფი აკონტროლებს. ეს მშვიდობიანი დემონსტრაციაა, მაგრამ მსოფლიოს ამ ნაწილში უკრაინელების მიმართ თანაგრძნობა და რუსეთის წინააღმდეგ რისხვა იმატებს. უკრაინის მხარდასაჭერად აქციები მთელს მსოფლიოში გაიმართა.