“ასოშიეთედ პრესმა” კიევის მერ ვიტალი კლიჩკოს განცხადებაზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ კიევი ალყაშია, თუმცა ეს ფრაზა კონტექსტის გარეშე გავრცელდა რუსულ და ასევე დასავლურ მედიაში, რის გამოც შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ რუსეთი მოძლიერდა უკრაინის დედაქალაქში. რეალურად კი, ვიტალი კლიჩკომ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქალაქის გასასვლელები დაბლოკილია, რადგან მოქალაქეების ევაკუაცია ახლა საშიშია.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ცნობით, 27 თებერვლის მონაცემებით, რუსეთის არმიამ 4300 ჯარისკაცი დაკარგა. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც აღიარა დაღუპული სამხედროების ფაქტი, თუმცა არ გაასაჯაროვა დაღუპულების რაოდენობა.
ასევე გამოქვეყნდა შედეგები სოციოლოგიური გამოკითხვისა, რომელიც ორგანიზაცია „რეიტინგმა“ ჩაატარა 26-27 თებერვალს. გამოკითხვის მიხედვით, უკრაინის პრეზიდენტის ქმედებებს მხარს უჭერს უკრაინელების 91%, მხარს არ უჭერს მხოლოდ 6%, ხოლო 3%-ს უჭირს პასუხის გაცემა. გამოკითხვაში მონაწილება 2 ათასმა ადამიანმა მიიღო.
დასავლეთის ქვეყნები აგრძელებენ სანქციების შემოღებას. ევროკავშირმა ისტორიაში პირველად დაიწყო იარაღის ოფიციალურად გაგზავნა კონფლიქტის ზონაში. დღეიდან კი ევროკავშირის სანქციები რუსეთის ცენტრალური ბანკისა და ავიაციის მიმართ ოფიციალურად შევიდა ძალაში.