მთავარისაქართველო„ომის დროს დუმილი ბომბზე ხმამაღალია" - უკრაინის მხარდამჭერი აქცია

„ომის დროს დუმილი ბომბზე ხმამაღალია” – უკრაინის მხარდამჭერი აქცია

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები იმართება

უკრაინაში უკვე მეოთხე დღეა ომია. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში კი სოლიდარობის აქციები იმართება. მათ შორის ყველაზე მასშტაბური აქციები დედაქალაქშია.

26 თებერვალს საღამოს რუსთაველის გამზირზე მოქალაქეები კვლავ შეიკრიბნენ. მათი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისთვის. საკანონმდებლო ორგანოსთან იმყოფებოდნენ როგორც რიგითი მოქალაქეები, ისე პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის მონაწილეებს ხელში ეჭირათ საქართველოსა და უკრაინის დროშები, ასევე უკრაინის მხარდამჭერი ბანერები წარწერებით. სოლიდარობის ნიშნად, აქციაზე უკრაინის ჰიმნიც გაჟღერდა. სოლიდარობის აქცია საქართველოს პარლამენტთან დღესაც არის დაგეგმილი…

„ომის დროს დუმილი ბომბზე ხმამაღალია“, – ასე წერია ერთ-ერთ ბანერზე, რომელიც გუშინ თბილისში, უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე, საქართველოს პარლამენტის წინ ახალგაზრდებს ეჭირათ. ბანერი ბევრი იყო, ყველა მათგანი სხვადასხვა სიტყვებით გადმოსცემდა ქართველების ტკივილს, იმის გამო, რაც უკრაინაში ხდება. მსოფლიოსთვის ხმის მიწვდენას თბილისი უკრაინის დროშებით ხელში ცდილობდა. აქციაზე მონაწილეებს მსოფლიოსთვის, განსაკუთრებით კი უკრაინელებისთვის, სათქმელი მართლაც ბევრი ჰქონდათ:

„არ მომწონს ეს ყველაფერი რაც უკრაინაში ხდება და მინდა ყველა მოქალაქეს მხარში დავუდგე. ჩემი აქ მოსვლით სწორედ ამას გამოვხატავ.“

„ჩვენ ვდგავართ უკრაინელების გვერდით, გვესმის მათი ტკივილი“

„მე უკრაინელ ხალხს მშვიდობას ვუსურვებ. უკრაინა არის ღირსეული მთავრობის ღირსეული ქვეყანა. როდესაც ქვეყანას ღირსეული მთავრობა ჰყავს, ის აუცილებლად მოიგებს ომს.“

„რუსეთი არის ჩვენი მტერი და ოკუპანტი ქვეყანა. აქ ვდგავარ ჩემს შვილებთან ერთად, რათა მათი მომავალი დავიცვა.“

„ჩვენ და უკრაინელებს საერთო მტერი გვყავს რუსეთის სახით. უკრაინელები ამ ომში მარტო არ არიან.“

„ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი. ეს არის ჩვენი ომიც. თუ დღეს არ დავუჭერთ უკრაინას მხარს, ხვალ იგივე მდგომარეობაში აღმოვჩნდებით ჩვენ.“

ამბობენ აქციაზე მისული საქართველოს მოქალაქეები.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას რუსთაველის გამზირზე კურიერებიც შეუერთდნენ.

შემდეგ კი იყო უკრაინის სამხედრო ჰიმნი. თანაც რამდენჯერმე…

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend