მთავარისაქართველოსაქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართა

უკრაინის დროშების გამოჩენასთან ერთად საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის ჰიმნიც გაისმა. თბილისში სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა “რესპუბლიკის მოედნიდან” “თავისუფლების მოედნამდე” მსვლელობა მოაწყვეს.

აქციაზე ტაშით  შეხვდნენ უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს და გაიხსენეს 2008 წლის რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ.

„უკრაინელ ხალხს ჩაგრავენ და დაჩაგრული ერის მხარდასაჭერად ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ. მეორე სცენარი ძალიან ჰგავს საქართველოში განვითარებულ სცენარს”, – ამბობს აქციის მონაწილე თენგიზ წულაძე.

აქციის კიდევ ერთ მონაწილე ზაზა აბაშიძეს მიაჩნია, რომ აქციაზე მისვლა უმნიშვნელოვანესია.

„პრაგმატულად რომ შევხედოთ, უმნიშვნელოვანესია, რადგან ჩვენი ქვეყნის ბედიც უკრაინაზეა დამოკიდებული. ასევე მორალური კომპონენტი არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. უკრაინა იჩაგრება იმიტომ, რომ მას აქვს დამოუკიდებელი არჩევანი“, – თქვა მან.

უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს მუსიკოსებმაც. საქართველოს ეროვნულმა სიმფონიურმა ორკესტრმა უკრაინის მხარდასაჭერად კონცერტი გამართა. ნიკოლოზ რაჭველის და ირაკლი ჩოლოყაშვილის დირიჟორობით უკრაინისა და საქართველოს ჰიმნები შესრულდა.  მომღერალმა ნინო ქათამაძემ უკრაინული, ხალხური სიმღერა “ჩერნობრივცი” იმღერა.

„ჩვენ მათი ტკივილი გვტკივა. უსამართლო ბრძოლაში შევდივართ და ეს ჩვენი ტკივილიც არის. ნიკა რაჭველმა როგორც თქვა, ტყუპისცალები ვართ ამ ტკივილში. შეიძლება ტექსტიც ვერ ჩამოვაყალიბო იმხელა ტკივილი ახლავს ამ თითოეული ადამიანის, თითოეული ჯარისკაცის დედის ტკივილს“, – ამბობს ნინო ქათამაძე.

უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადეს ზუგდიდშიც. აქციას სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„დღეს ამ აქციაზე ვართ შეკრებილები, რომ სოლიდარობა გამოვუცხადოთ  უკრაინას და უკრაინელ ხალხს, რომლებიც რუსეთის მხრიდან არიან წარმოუდგენლად დიდი მასშტაბის მსხვერპლი. რუსეთი ეწევა სრულმასშტაბიან სამხედრო ოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე. ეს აგრესია ეხება არამხოლოდ უკრაინას, არამხოლოდ საქართველოს, არამედ ზოგადად მთლიანად ცივილურ სამყაროს”, – ამბობს აქციაზე მისული „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” წარმომადგენელი არჩილ თოდუა.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ უკრაინის მხარდასაჭერად კიდევ შეიკრიბებიან, რადგან ფიქრობენ, რომ სოლიდარობის აქცია საქართველოში ყოველდღიურად უნდა გაიმართოს, სანამ უკრაინაში რუსული აგრესია არ დასრულდება.

თორნიკე კოპლატაძე

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend