ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს “რუსული შეჭრის დასაწყისი” უწოდა.
22 თებერვალს, გამართულ ბრიფინგზე ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ნაბიჯი საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად შეაფასა და რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე ისაუბრა.
„რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების აღიარება არის უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასაწყისი. რა აძლევს პუტინს უფლებას, რომ მეზობელი ქვეყნების ტერიტორიები ე.წ. ქვეყნებად აღიაროს? ეს საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ჩვენ ვაწესებთ დამბლოკავ სანქციას რუსეთის ორ ფინანსურ ინსტიტუტზე, სახელმწიფო განვითარების კორპორაციაზე და სამხედრო ბანკზე. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ. ისინი იზიარებენ კრემლის პოლიტიკის კორუფციულ სარგებელს და ასევე გაიზიარებენ ტკივილსაც. რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვიმუშავეთ გერმანიასთან, რათა დავარწმუნოთ, რომ ჩრდილოეთის ნაკადი, როგორც დაგპირდით, არ გაგრძელდეს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.