მთავარისაქართველოსაქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა იხსნება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა იხსნება

პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდსასტუმროები, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა მიყვანა იკრძალება

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად დაწესებული თითქმის ყველა შეზღუდვა იხსნება. გადაწყვეტილება დღეს საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა მიიღეს. მოიხსნა ქორწილების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებული რეგულაციები. სოციალურ ღონისძიებებზე დახურულ სივრცეში  ერთ მაგიდასთან დაიშვება  10, ხოლო ღია სივრცეში – 15 ადამიანი. სხდომაზე აღინიშნა, რომ ქვეყანამ „ომიკრონის“ შტამის გავრცელების პიკი გადაიარა, რაც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის შესაძლებლობას იძლევა.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კოვიდ-19-ის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღო. პირველი მარტიდან უქმდება საკარანტინე სივრცეები, ე.წ კოვიდსასტუმროები, დღეიდან ამ სივრცეებში ინფიცირებულთა მიყვანა იკრძალება. უქმდება დაწესებულებებში თერმოსკრინინგის წარმოებისა და დეზობარიერის გამოყენების ვალდებულება. კვების ობიექტებში ღია სივრცეში ერთ მაგიდასთან დაიშვება მაქსიმუმ 15 პირი, ხოლო დახურულ სივრცეში – 10. ამასთან, აღარ იქნება შეზღუდული  სტუმართა რაოდენობა.

„შესაძლებელი იქნება ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვა, როგორებიცაა ქორწილი, ქელეხი, დაბადების დღე და ასე შემდეგ“,- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ, საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიცვალა წესი ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებითაც. 1-ლი მარტიდან, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემოსვლა სრულად ვაქცინირებულ ნებისმიერი უცხო ქვეყნის მოქალაქესა თუ რეზიდენტს შეუძლია. ხოლო თუ მგზავრი წარადგენს პისიარტესტის უარყოფით პასუხს, მესამე დღეს პისიარტესტირების ვალდებულება ეხსნება. ახალი წესი საქართველოს მოქალაქეებზეც ვრცელდება. ხოლო PCR-ტესტის არქონის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქისთვის დაწესებული სავალდებულო იზოლაცია 8-დან 5 დღემდე მცირდება.

„დღეს ვსაუბრობთ გარკვეული რეგულაციების შემსუბუქებაზე, რა თქმა უნდა, თუ ამის შესაძლებლობას მოგვცემს ეპიდვითარება მომდევნო 15 დღის განმავლობაში. „ომიკრონის“ პირობებში ზოგიერთმა რეგულაციამ დაკარგა ეფექტიანობა. მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ სხვა ქვეყნების გამოცდილება და მივყვეთ ამ პროცესებს. ის, რაც არ არის ეფექტური ან ნაკლებეფექტურია “ომიკრონის” პირობებში, უბრალოდ რეგულაციის შესანარჩუნებლად არ უნდა იყოს მოქმედი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

საკოორდინაციო საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ 27 თებერვალს დაგეგმილ საქართველო-რუსეთის სარაგბო მატჩზე მაყურებელთა 50% დაუშვან. ამასთან, 15 მარტიდან კონფერენციები, სემინარები და ტრენინგები შეზღუდვების გარეშე ჩატარდება.

ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ მიდის ნელი ტემპით, უნდა ვეცადოთ, რომ ეს იყოს სწორხაზოვანი ქვესვლა. „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტმა“ გვითხრა, რომ თუ პირბადის მაჩვენებელს, რომელიც დღეს 60%-ია, გავზრდით და უფრო მეტი ადამიანი გაიკეთებს ე.წ. „ბუსტერ დოზებს“, ივნისისთვის ყოველდღიურად კოვიდ-19-ის 1000 შემთხვევაზე ცოტა დადასტურდება“, – ამბობს ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.

საქართველოში რჩება პირბადის ტარების რეგულაცია როგორც გარე, ასევე შიდა სივრცეებში. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას განაგრძობს, თუმცა საბჭოს წევრები აღარ შეიკრიბებიან ყოველ სამშაბათს. საბჭოს სხდომები ახლა 2 კვირაში ერთხელ გაიმართება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend