მთავარი საქართველო საქართველოს მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით შიმშილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სათანადო სამედიცინო მომსახურების მოთხოვნით შიმშილობს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნისას მეორედ გამოაცხადა შიმშილობა – ამჯერად სათანადო სამედიცინო მომსახურების გაწევის მოთხოვნით. მიხეილ სააკაშვილი დაცვის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს, ექიმებს მისი მონახულების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„მთელი ამ პერიოდის მანძილზე პერმანენტულად ვითხოვდით, რომ მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს და ცენტრ „ემპათიას“ სპეციალისტებს მისცემოდათ მისი მონახულების შესაძლებლობა – ამაზე ჩვენ უარს გვეუბნებიან. მისი საკანში მონახულების უფლებაც კი აღარ აქვთ ექიმებს. ექიმების სადღეღამისო მორიგეობაც მოიხსნა, და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს ყველაფერი მიმართულია ერთი მიზნისკენ – თუ მოვლენები განვითარდა ცუდის სცენარით და ეს სცენარი არის მოსალოდნელი, შეიძლება მოხდეს მისი უნარების შეზღუდვა გამოუსწორებლად“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია.

მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის კიდევ ერთხელ გამოცხადების შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ისაუბრა. დიპლომატმა თქვა, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ყურადღებით აკვირდება საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„შევიტყვე, რომ მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოაცხადა შიმშილობა. ამ ეტაპზე რის თქმაც შემიძლია, ეს არის ევროკავშირის მოსაზრების გამეორება: ჩვენ ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებით ბატონი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე მისი, როგორც პატიმრის უფლებებსა და მის უფლებას წარსდგეს სამართლიანი სასამართლოს წინაშე და ამას ჩვენ მომავალშიც ისე გავაგრძელებთ, როგორც პირველივე დღიდან ვახორციელებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებისა და მისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის მოთხოვნით „ქართული ოცნების“ ოფისთან დღეს მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს.

„პიკეტირება, პერფორმანსი, ფლეშმობი, ამის შიში ნორმალურ ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს. ცივილურ ქვეყნებში ეს არის მიღებული პროტესტის ფორმა. დღეს დააკავეს ჩვენი რამდენიმე აქტივისტი და დაარბიეს აქცია. ჩვენ გვქონდა გამოფენილი დროშები და გვქონდა მოთხოვნა, დაეშვათ ექიმი მესამე პრეზიდენტთან“, – განაცხადა საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა მონაწილე მაია კიკაბიძემ.

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 2021 წლის 30 დეკემბერს დააბრუნეს. მან შიმშილობა 2022 წლის 21 თებერვალს, საკუთარ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი ამბობენ, რომ ყველა მსჯავრდებული უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით 24 საათის განმავლობაში. ოფიციალური განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესახებ უწყებას არ გაუვრცელებია.

ნანუკა მეშველაშვილი​​

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend