მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

უკრაინის გარშემო ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია. რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები, რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო, გაგრძელდება. გუშინ სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის. მხარეები ვითარების დეესკალაციის მიზნით, დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

რუსეთისა და ბელარუსის გადაწყვეტილებით, კვლავ ჩატარდება სამხედრო წვრთნები,  რომლებიც კვირას უნდა დასრულებულიყო. უკრაინაში ფიქრობენ, რომ მოსკოვი უკრაინაზე თავდასხმისთვის ემზადება. ბელარუსში წვრთნების ფარგლებში უკრაინის საზღვარზე 30 000 რუსი ჯარისკაცია მობილიზებული.

კვირას ღამით პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ,  თუმცა ბაიდენი და მისი მრჩევლები დარწმუნებული არიან,  რომ რუსეთი მზად არის, უკრაინაში შეიჭრას. ამ ბრალდებას მოსკოვი უარყოფს.

ამავდროულად,  საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც ჩანს, პრეზიდენტები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ დიალოგს. პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარი დატოვებს ბელარუსს. მისი აზრით, უკრაინელი სამხედროები ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში დაძაბულობის გაზრდას უწყობენ ხელს.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

“არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ორმა პრეზიდენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრებსა და ნორმანდიის ფორმატში შემავალი ქვეყნების ლიდერების პოლიტიკურ მრჩევლებს შორის, რათა პრობლემა დიპლომატიური გზით მოგვარდეს.

ასეთი შეხვედრები ხელს უწყობს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესრულებას და დონბასის ირგვლივ კონფლიქტის მოგვარებას.”

უკრაინის მთავრობა და სეპარატისტები, რომელთაც რუსეთი უჭერს მხარს, უკვე რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ადანაშაულებენ ვითარების ესკალაციაში. პოლონეთი, რომელიც ახლა უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას თავმჯდომარეობს, ვითარების დეესკალაციის გზების მოსაძებნად მოიწვევს რიგგარეშე სხდომას.

სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ათობით მშვიდობიანი მოქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კი ბრძანება აქვთ, რომ არ გაუხსნან  საპასუხო ცეცხლი  სეპარატისტებს და არ მისცენ რუსეთს სამხედრო ოპერაციის დაწყების საბაბი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend