მთავარიკუბიTik Tok-ზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრების გავრცელება გრძელდება

Tik Tok-ზე რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრების გავრცელება გრძელდება

უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის გადაადგილების ამსახველი კადრები ტიკტოკზე თავდაპირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა. დროთა განმავლობაში კი გაიზარდა როგორც რუსი სამხედროების, ისე  ვიდეოების რაოდენობაც. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჟურნალისტები და ფაქტების გადამმოწმებლები იკვლევდნენ ვიდეოების შინაარსს, ამოწმებდნენ, სად იყო გადაღებული ეს კადრები და შემდეგ ადარებდნენ  თანამგზავრით გადაღებულ ფოტოებს, რათა დაედგინათ, რამდენად შეესაბამებოდა ინფორმაცია სიმართლეს.

ყველაზე ბოლოს, 15 თებერვალს, ტიკტოკზე გავრცელდა სამხედრო კოლონის ამსახველი კადრები რუსეთის ქალაქ ბელგოროდიდან. СNN-ის ინფორმაციით,  ვიდეოზე ასახული სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვართან 24 კილომეტრში გაჩერდა.

 

ქალაქ ვორონეჟის რაიონებშიც მომატებულია კოლონების რაოდენობა. ბოლო 3 დღის განმავლობაში მომხმარებლებმა გადაიღეს და ტიკტოკზე ატვირთეს ტანკებისა და ქვეითი საბრძოლო მანქანების შემოსვლა. ანალიტიკოსების აზრით, ეს ტექნიკა რუსეთის პირველი გვარდიის სატანკო არმიის ნაწილია.

 

გარდა იმისა, რომ ტიკტოკი მიმდინარე მოვლენების ამსახველი წყარო გახდა, თავად ტიკტოკის აუდიტორია, რომლის უმრავლესობა მოზარდია, აქტიურად განიხილავს პოლიტიკურ თემებს. ბოლო კვირების განმავლობაში ინსტაგრამსა და ტვიტერზე ათასობით კომენტარი დაიწერა  კრემლისა და ვლადიმერ პუტინის არაოფიციალურ გვერდებზე. ახალგაზრდა მომხმარებლები პუტინს მოუწოდებენ, არ დაიწყოს საბრძოლო მოქმედებები. ტიკტოკის აუდიტორია განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთში.  ოფიციალური მონაცემებით, აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა 40 მილიონს აღწევს. გასართობ პლატფორმაზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და კომენტარები თანდათანობით პოლიტიკურ ხასიათს იძენს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სამხედრო სწავლების დასრულების  შემდეგ ჯარების ნაწილი ტერიტორიიდან გაიყვანა. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მიაჩნია, რომ ომის საშიშროება ჯერ კიდევ არსებობს, რადგან უკრაინის საზღვართან 150 000 რუსი სამხედროა მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend