მთავარი საქართველო მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა

მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობის შემცირების ტენდენცია დაფიქსირდა

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა

მსოფლიოში კოვიდ-19-ის ახალი შემთხვევების რაოდენობა გასული კვირის განმავლობაში 19%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აქვეყნებს. ჯანმოს ყოველკვირეული ანგარიშის თანახმად, ინფიცირების ახალი შემთხვევების 60% ევროპის რეგიონში გამოვლინდა. საქართველოში კი, როგორც ეპიდემიოლოგები ამბობენ, პანდემიის მეექვსე ტალღის პიკმა გადაიარა და ახლა ინფიცირების შემთხვევების კლებას უნდა ველოდოთ.

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ბოლო ერთი კვირის განმავლობაში გარდაცვლილთა რაოდენობა 4%-ით გაიზარდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, 7-დან 13 თებერვლის ჩათვლით მსოფლიოში 74 ათასზე მეტი ინფიცირებული გარდაიცვალა. მსოფლიოს ყველა რეგიონში, Სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის გარდა,  გაიზარდა ლეტალობის შემთხვევები, ყველაზე მეტი გარდაცვლილი კი ამერიკასა და ევროპის კონტინენტზეა.

საქართველოში კი ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ის 15 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში ყოველი მესამე ადამიანი, რომელსაც ტესტირება ჩაუტარდა, ინფიცირებული აღმოჩნდა. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კი გარდაიცვალა 55 პაციენტი.

„დაღმასვლა შეიმჩნევა, დღეს 15 ათასზე ცოტათი მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც, გარკვეულწილად, კლების ტენდენციაზე მიუთითებს, თუმცა მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ კვირის ბოლომდე  და საბოლოო დასკვნა შემდეგ გამოვიტანოთ. ჰოსპიტალურ სექტორში 6 ათასამდე პაციენტი რჩება. ეს ყველაფერი მართვადია. პირველად ჯანდაცვაში ოჯახის ექიმების სისტემა მუშაობს. მოლოდინი არის ის, რომ მარტის ბოლოსკენ, შემთხვევების სტაბილიზაციასთან ერთად, უკეთესი მდგომარეობა უნდა იყოს. თუმცა ჯერ ადრეა ამაზე საუბარი“, – ამბობს თამარ გაბუნია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 3 560 პირი აიცრა, რაც ვაქცინაციის ეროვნული გეგმის მიხედვით, დაბალი მაჩვენებელია. ქვეყანაში სრულად ანუ ორივე დოზით ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 43%, გეგმის მიხედვით კი, ივლისამდე ეს რიცხვი 70%-მდე უნდა გაიზარდოს.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

00:03:04
კოვიდ-19კოვიდ-19

Send this to a friend