მთავარი ევროპა უკრაინა მარიუპოლი - ქალაქი ომის ზღვარზე

მარიუპოლი – ქალაქი ომის ზღვარზე

დაძაბულობის ფონზე აღმოსავლეთ უკრაინაში მდებარე ქალაქ მარიუპოლში ხალხი სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობს. ქალაქის მოსახლეობის ნახევარი ეთნიკურად რუსია. მარიუპოლი რუსეთსა და ყირიმს შორის მდებარეობს. განსხვავებით დონეცკისა და ლუჰანსკისა მარიუპოლს უკრაინა აკონტროლებს. თუმცა, ომის დაწყების შემთხვევაში ქალაქი სავარაუდოდ ერთ-ერთი პირველი სამიზნე იქნება.

ვერა კონსტანტინოვნა ბაზარში ხორცის პატარა მაღაზიას ფლობს. იგი წარმოშობით ბერძენია. მას იმედი აქვს, რომ ომი არ დაიწყება და ხალხი მშვიდობიანად ცხოვრებას განაგრძობს.

„ჩვენ მშვიდობიანი ხალხი ვართ. აქ რუსები, უკრაინელები და ბერძნები ცხოვრობენ და ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილი. ომის გვეშინია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვუყურებთ თუ რას გადმოსცემენ ტელევიზიითა და ინტერნეტით. მე 66 წლის პენსიონერი ვარ. მეშინია, მაგრამ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. ცუდზე არ ვფიქრობ. მეშინია, მაგრამ არ მჯერა რომ ომი დაიწყება“, – ამბობს ვერა კონსტანტინოვნა.

სამშაბათს რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ ჯარებს ბაზებზე დააბრუნებდნენ. ამ ამბავს სიხარულით შეხვდნენ მარიუპოლში.

2014 წელს ქალაქში უკრაინის მთავრობასა და პრო-რუს დემონსტრანტებს შორის მომხდარ დაპირისპირებას შვიდი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ვერას არ სურს, რომ ძალადობა განმეორდეს. მას იმედი აქვს, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდება.

„ბოლო დღეებია ვაჭრობა აღარ მიდის. ბაზარი ცარიელია. თურმე სუპერმარკეტებშიც იგივე მდგომარეობაა. ხალხი შეშინებულია. ისინი ან ქალაქიდან წავიდნენ ან სახლში სხედან და ახალ ამბებს უყურებენ. ჩემი ქალიშვილი საბერძნეთში ცხოვრობს. თუ თავს დაგვესხნენ, იქ გავფრინდები, თვითმფრინავის რეისს თუ ვიშოვი. ჩემს ქალიშვილს არ მოსწონს რომ დავრჩი, მაგრამ ვფიქრობ, ყველაფერი კარგად იქნება“, – იმედოვნებს ვერა კონსტანტინოვნა

ქალაქი მარიუპოლი აზოვის ზღვასთან, რუსეთსა და ყირიმს შორის მდებარეობს. ქალაქში ბევრი რუსი ცხოვრობს. ომის დაწყების შემთხვევაში მარიუპოლი შესაძლოა ბრძოლის ერთ-ერთ ცენტრად იქცეს.

უახლესი

სხვა ამბები

მარიუპოლიმარიუპოლი

Send this to a friend