მთავარიევროპარუსეთირუსეთის ჯარის ნაწილები ყაზარმებში ბრუნდებიან, პარალელურად ბელარუსსა და შავ ზღვაში რუსული სამხედრო...

რუსეთის ჯარის ნაწილები ყაზარმებში ბრუნდებიან, პარალელურად ბელარუსსა და შავ ზღვაში რუსული სამხედრო მანევრები გრძელდება

გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი ლიზ თრასი აცხადებს, რომ ევროპა ომის საშიშროების წინაშე დგას. ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვში უკრაინაზე თავდასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება დიდი ალბათობით ჯერ არ მიუღიათ, თავდასხმა მაინც მეტად მოსალოდნელია.

ლიზ თრასის თქმით, გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლება ელის, რომ მოსკოვი ყალბი თავდასხმის ინსცენირებას მოაწყობს, რასაც შემდგომ უკვე ომის დაწყების საბაბად გამოიყენებს.

“გვჯერა,რომ ვლადიმერ პუტინს უკრაინაზე თავდასხმის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. მივიჩნევთ, რომ თავდასხმა მოსალოდნელია. უკრაინის საზღვრებთან ძალიან დიდი რაოდენობით არის რუსული არმია მობილიზებული და ეს ჯარები შეტევისათვის მზად არიან. ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა, თავდასხმა გადაიფიქროს, სწორედ ამიტომ არის დიპლომატია მნიშვნელოვანი. მოსკოვში უნდა გააცნობიერონ რომ უკრაინაზე თავდასხმას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება, უკრაინელები თავს დაიცავენ, ჩვენ 20 ათასი უკრაინელი სამხედროს მომზადებაში მივიღეთ მონაწილეობა. უკრაინულ არმიას თავდაცვითი იარაღი მივაწოდეთ, უკრაინელები მზად არიან ხანგრძლივი კონფლიქტისათვის, რომელიც რუსი ერისათვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება“,  – ამბობს გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანი ლიზ თრასი.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ კი საკუთარი საელჩოს უკრაინის დედაქალაქიდან სახელმწიფოს დასავლეთში მდებარე ქალაქ ლვოვში გადატანის შესახებ  გადაწყვეტილება მიიღო. დასავლეთში ბევრი შიშობს, რომ 16 თებერვალს რუსეთის ფედერაცია უკრაინას თავს დაესხმება.

“ვლადიმერ პუტინი ომისთვის მზადებას განაგრძობს, რუსული გენშტაბი სხვადასხვა სცენარებს ამზადებს. მე რუსული არმიის გადაადგილების შესახებ ბევრს არ ვისაუბრებ, ამ საკითხთან დაკავშირებით დაზუსტებით საუბარი ჩემი მხრიდან მართებული არ იქნებოდა. ვიტყვი მხოლოდ, რომ რუსული მხარე სამხედრო მზადებას აგრძელებს. თუკი რუსეთი თავდასხმას აპირებს, ამ მიზნით ყველაფერი კეთდება“, – აცხადებს პენტაგონის პრესმდივანი ჯონ კირბი.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის 82 სადესანტო დივიზიის ჯარისკაცები კი პოლონეთში გადასროლისათვის ემზადებიან. დივიზიის ჯარისკაცთა ნაწილი უკვე პოლონეთშია, საერთო ჯამში ვაშინგტონი პოლონეთის ტერიტორიაზე 5 ათას სამხედროს გადაისვრის.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოსკოვს დიალოგისკენ და უკრაინის საზღვრებიდან ჯარების უკან დახევისკენ მოუწოდებს.

“ნატო მზად არის მოსკოვთან დიალოგისათვის. საუკეთესო გზა, რომ მოსკოვმა კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილი აჩვენოს, მოსკოვის მიერ უკრაინის საზღვრებიდან ჯარების უკან დახევაა. ყველა სახელმწიფოს აქვს უფლება, თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი და ყველას მოვუწოდებთ ამ პრინციპს პატივი სცენ“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სახელმწიფოს სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქების ჯარები სამხედრო მანევრების დასრულების შემდეგ ყაზარმებში ბრუნდებიან. ბელარუსში კი სამხედრო მანევრები გრძელდება, ისევე როგორც შავ ზღვაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend