მთავარიევროპარუსეთიიგლუს ფესტივალზე მდინარე ობის ყინულზე 120 იგლუ ააგეს

იგლუს ფესტივალზე მდინარე ობის ყინულზე 120 იგლუ ააგეს

მდინარე ობის ყინულისგან აგებული ყინულის ქალაქი იგლუს ფესტივალისთვის ემზადება. მონაწილეები თოვლისგან აშენებენ ქოხებს, ეს ის სახლებია, რომლებშიც ტრადიციულად ჩრდილოეთის ხალხი ცხოვრობს.

თუ იგლუ სწორად არის აშენებული, სითბოს ინარჩუნებს. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ კედლებში არ უნდა იყოს სივრცე დარჩენილი.

„ჩვენ ვიყენებთ იგლუს აგების ტექნოლოგიას, ბლოკები სწორად არის გაჭრილი და გარკვეული ფორმა აქვს. რაც მთავარია, არ აქვს ღრმულები. თოვლი არა მხოლოდ ზედაპირების ამოსავსებად, არამედ მშენებლობის პროცესშიც გამოიყენება. მთელი გარსი და ზემოდან გადახურული სივრცე მხოლოდ ფილებით კი არ იგება, არამედ ერთიან კონსტრუქციად უნდა აეწყოს. კვერცხის ფორმის იგლუებს ძირითადად არაპროფესიონალები აგებენ. მათთვის რთულია, იგლუს მრგვალი ფორმა მისცენ, ამიტომ მაღალ კოშკს აშენებენ იმის იმედით, რომ ბოლოსკენ დაამრგვალებენ”, -ამბობს ფესტივალის ორგანიზატორი ვიჩესლავ გურიანოვი.

პრიზი გადაეცემა იმას, ვინც ყველაზე დიდ და სიმეტრიულ იგლუს ააშენებს. თუმცა მთავარი პრიზის გარდა, სხვა ჯილდოებიც არის დაწესებული, მაგალითად, ყველაზე ლამაზი იგლუს აგებისთვის, ასევე მაყურებელი ირჩევს  საუკეთესო გუნდს.

თითოეულ გუნდს იგლუს ასაგებად ორ-ნახევარი საათი აქვს.

გამარჯვებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იგლუს იატაკის მაქსიმალური ფართობის მიღწევაა. წელს ტემპერატურა  -16 გრადუსი ცელსიუსი იყო.  მონაწილეთა თქმით, წელს განსხვავებული ამინდია წინა წლებთან შედარებით, როდესაც ტემპერატურა -32 გრადუსამდე აღწევდა.

ფესტივალი უკვე მეშვიდედ იმართება. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ყოველ ჯერზე მონაწილეთა რაოდენობა დაახლოებით 30 პროცენტით იზრდება.

ამჯერად, ფესტივალში ასობით ადამიანი მონაწილეობს. ერთ-ერთი მონაწილე ნიკოლაი ნიკოლაევი აქ უკვე მეოთხედ არის.

“ჩვენ პირველად მეგობრებთან ერთად გამოვედით, თუმცა გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. ვნერვიულობდით და გადავწყვიტეთ, რომ კვლავ გვეცადა. შარშან, მესამედ რომ გამოვედით, მხოლოდ ორმა კაცმა ავაშენეთ იგლუ, ახლა  დიდი გუნდი გვყავს აქ, ამიტომ უფრო დიდი იგლუც ავაგეთ”, -ამბობს ფესტივალის მონაწილე.

ფესტივალზე სულ 120 იგლუ აშენდა. ყველაზე მამაცი მშენებლები  ღამით თავიანთ იგლუებში დარჩნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend