რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალები ბელარუს მოკავშირეებთან ერთად უკრაინის ჩრდილოეთ საზღვართან სამხედრო მანევრებს განაგრძობენ.
მოსკოვისა და მინსკის ერთობლივ სამხედრო მანევრებში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ურაგანისა და სმერჩის ტიპის სარაკეტო კომპლექსები მონაწილეობს, ასევე სუ 30 ტიპის სამხედრო საჰაერო მოიერიშეები.
მოსკოვმა უკრაინის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს გადაისროლა ისკანდერის ბალისტიკური რაკეტები და ს 400 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემებიც.
უკრაინის სახელმწიფო საზღვრებთან საერთო ჯამში 100 ტაქტიკური ბატალიონია თავმოყრილი, რუსულ სამხედრო ბატალიონებში 1000 მდე ჯარისკაცია გაერთიანებული.
ყველა რუსულ ბატალიონს თან ახლავს საკუთარი ანტისაჰაერო, საარტილერიო და ლოგისტიკური შენაერთები.
უკრაინის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები კი სამხრეთ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში მოსახლეობას იარაღის ფლობას ასწავლიან. 79 წლის ვალენტინა კონსტანოვსკაია ამბობს, რომ რუსული არმიის თავდასხმის შემთხვევაში სურს ოჯახი დაიცვას.
”მე სროლისთვის მზად ვარ. საჭიროების შემთხვევაში ჩემს სახლს, ჩემს ქალაქს, ჩემს ბავშვებს დავიცავ. მე მზად ვარ, არ მსურს სამშობლოს, ჩემი ქალაქის დაკარგვა”, – ამბობს ვალენტინა.
კიევში კი ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პარტია ჩავიდა, მათ შორის სტინგერის ტიპის ანტი საჰაერო რაკეტები. დასავლეთის უშიშროების სამსახურების წარმომადგენელთა განცხადებით, უკრაინის გარშემო კონცენტრირებულმა რუსული არმიის 130 ათასმა ჯარისკაცმა და სამხედრო ტექნიკამ უკრაინის სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით გადაადგილება დაიწყო.