ამერიკის შეერთებულ შტატებში 5 წლამდე ბავშვების მშობლებს სულ მცირე კიდევ ორი თვე მოუწევთ ლოდინი იმისათვის, რომ შვილებს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ვაქცინა გაუკეთონ, რადგან აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო უარს ამბობს აცრებთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაზე.
თავდაპირველად საკვებისა და მედიკამენტების სააგენტო გეგმავდა, გაეცა თანხმობა ვაქცინის პირველ-ორ დოზაზე, თუმცა საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს ვაქცინაციის განყოფილების მთავარმა ექიმმა პიტერ მარკსმა განაცხადა, რომ განახლებული მონაცემები, რომლებიც „ფაიზერის“ წარმომადგენლებმა მიაწოდეს, არ არის საკმარისი იმისათვის, რომ დაჩქარებულად მიეღოთ გადაწყვეტილება. მთავარი ექიმის თქმით, FDA-ი ყოველთვის კვლევასა და მეცნიერებას ანიჭებს უპირატესობას და არა სიჩქარეს.
ბოლო თვეების განმავლობაში სააგენტოს არაერთმა ექიმმა და მშობელმა მიმართა, რომ დროულად გაეცა 6 თვიდან 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის ლიცენზია. მთავარი მიზეზად ასახელებდნენ ომიკრონის შტამს, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად ვრცელდება არასრულწლოვანებში. აშშ-ში მხოლოდ 5 წლამდე ბავშვებს არ აქვთ ვაქცინაციის უფლება.
კლინიკური ცდების დროს „ფაიზერის“ ორი დოზის მიღებამ 2-დან 4 წლამდე ბავშვებში შესაბამისი იმუნური რეაქცია არ გამოიწვია, ისიც გასათვალისწინებელია, რომ არასრულწლოვანებს, ზრდასრულებისგან განსხვავებით, 3-მიკროგრამიან დოზას უკეთებდნენ. როგორც ჩანს ეს დოზა არ აღმოჩნდა საკმარისი. სწორედ ამიტომ კომპანია „ფაიზერი“ ფიქრობს, რომ ბავშვებს მესამე დოზაც გაუკეთონ, რათა დაადგინოს, გამოიწვევს თუ არა ის შესაბამის იმუნურ პასუხს. კომპანიის ინფორმაციით, სრულყოფილი კვლევის შედეგი, რომელიც მესამე დოზის გამოყენებასაც გულისხმობს, აპრილში იქნება მზად.
კომპანია „ფაიზერში“ მიაჩნიათ, რომ ომიკრონის შემთხვევების ზრდასთან ერთად აუცილებელია არასრულწლოვანების ვაქცინაცია. მათი აზრით, სამდოზიანი ვაქცინაცია სამომავლოდ ჩვილობის ასაკიდან გეგმიური აცრის ნაწილი უნდა გახდეს.