მთავარისაქართველოსაქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამასლარიან სამსახურს შესთავაზებენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სამასლარიან სამსახურს შესთავაზებენ

ირაკლი ღარიბაშვილი: "საქართველოში სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 600 ათასი პირიდან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია"

სოციალური შემწეობის მიმღები პირებისთვის სამუშაო ადგილების შექმნა, პანდემია და ვაქცინაცია, კომპანია „თელმიკოს“ მიერ დარიცხული თანხების კანონიერება და ე.წ. ქოლცენტრების საქმე – ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც მთავრობის სხდომაზე იმსჯელეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შრომისუნარიან წევრებს 300-ლარიან სამსახურს შესთავაზებენ. მისი განმარტებით, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე 600 ათასი პირიდან 200 ათასზე მეტი შრომისუნარიანია და მათ არა შემწეობა, არამედ დასაქმება სჭირდებათ.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის სიღარიბის დაძლევა, სამუშაო ადგილების შექმნა. ზოგადად, უნდა შევცვალოთ სოციალური პოლიტიკა. კარგად ვიცით, რომ გზა სიღარიბის შემცირებისკენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე გადის. ამიტომ წელს უნდა დავიწყოთ აქტიური დასაქმების პოლიტიკა. ეს იქნება ჩვენი მთავარი საზრუნავი. დღემდე არსებული სოციალური პოლიტიკა შრომისუნარიან, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„ეს პროექტი გულისხმობს მუნიციპალიტეტებში, ქალაქებში, სოფლებში ათიათასობით სამუშაო ადგილს. სადაც ჩვენს შრომისუნარიან სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს შევთავაზებთ სხვადასხვა ტიპის საზოგადოებრივ სამუშაოს“, – განმარტა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

„ათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება მუნიციპალიტეტების დონეზე და სხვადასხვა სამინისტროში. ეს გულისხმობს როგორც ფიზიკური შრომას, ასევე, გარკვეულ საოფისე საქმიანობებს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ ჩართულობას მოითხოვს დასაქმების სააგენტოში. ყველაზე ხაზგასასმელი არის ის, რომ თითოეულ დასაქმებულს სოციალური კომპენსაციის პაკეტი არ უჩერდება, პირიქით, მათ უნარჩუნდებათ 4 წლის განმავლობაში სტაბილურად იმ შემთხვევაში, თუ ისინი დამატებით საზოგადოებრივ საქმიანობაში ერთვებიან. განსაზღვრულია აქაც ხელფასი – თვის განმავლობაში დამატებითი საზოგადოებრივი სამუშაო შესრულებისას მიიღებენ 300 ლარს. ეს არის 300 დაუბეგრავი ლარი და სრულად აიღებენ დასაქმებულები ამ თანხას,“ – ამბობს ლევან დავითაშვილი, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

მთავრობის სხდომაზე პანდემიასა და ვაქცინაციასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების გამო „მწვანე პასპორტის“ მოქმედებას აზრი აღარ აქვს.

„ომიკრონის” შემთხვევაში, უმეტესად ვაქცინა არ მუშაობს, ვაქცინირებულ პირს ჩვეულებრივად ემართება “ომიკრონი”. მე ვარ ამის მაგალითი, მე მქონდა სხვა შტამი გასულ წელს, ორჯერ ვიყავი აცრილი “ფაიზერის” ვაქცინით, მაგრამ მაინც დამემართა “ომიკრონი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ირაკლი ღარიბაშვილის ეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა ასე განმარტა:

“რასაკვირველია, პრემიერ-მინისტრი ანტივაქსერი არ არის და შეუძლებელია, რომ იყოს, იქიდან გამომდინარე, რომ მას აქვს ორჯერ გაკეთებული ვაქცინა. ის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ყველა კამპანიაში. მე მის განცხადებას ვისმენდი და ზუსტად გავიგე, რაც იგულისხმა. მან თქვა, რომ ომიკრონი გადადების რისკს ნაკლებად აზღვევს და ინფიცირების შემთხვევაში ძალიან მსუბუქად გადაიტანა, რადგან ორჯერ ვაქცინირებული იყო“,  – განმარტა ზურაბ აზარაშვილმა, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა.

მთავრობის სხდომაზე დღეს ელექტრომიმწოდებელი კომპანიის „თელმიკოს“ მიერ კომუნალური გადასახადის დაანგარიშებაზეც ისაუბრეს და განაცხადეს, რომ საკითხის შესწავლა უკვე დაწყებული აქვს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას, თუმცა სრული სურათის დასადგენად ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც ჩაერთვება.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend