მთავარისაქართველოველომოყვარულები ზამთარში სამსახურში ველოსიპედით წასვლის დღეს აღნიშნავენ

ველომოყვარულები ზამთარში სამსახურში ველოსიპედით წასვლის დღეს აღნიშნავენ

ზამთრის სუსხიან ამინდში ველოსიპედით სამსახურში წასვლა ან თუნდაც უბრალოდ სეირნობა, შესაძლოა, ბევრისთვის კომფორტული არ იყოს, თუმცა ველომოყვარულებს ეს მცირე დისკომფორტი არ აშინებთ.

„დღეს არის 11 თებერვალი, სამსახურში ველოსიპედით წასვლის საერთაშორისო დღე, ოღონდ ზამთარში ველოსიპედით წასვლის.  ჩვენ კი, ვინც ყოველდღიურად ველოსიპედით გადავაადგილდებით სამსახურებში, უნივერსიტეტებსა თუ სხვაგან აღვნიშნავთ ამ დღეს. ჩემი აზრით, არ აქვს მნიშვნელობა, ზამთარში გადაადგილდები, გაზაფხულზე თუ შემოდგომაზე, რადგან თანაბარი საფრთხე და გამოწვევებია, თუმცა ადამიანების უმეტესობას უფრო თბილ დღეებში, მზიან ამინდში ურჩევნია ველოსიპედით სიარული, ვიდრე თოვლში“, — ამბობს კავკასიის ველო ქსელის“ თანადამფუძნებელი მარ მიხელიძე.

11 თებერვალს ველომოყვარულები თბილისის ერთ-ერთ სკვერში შეიკრიბნენ. გაიმართა იმ ველომოყვარულების დაჯილდოებაც, რომლებმაც ზამთარში ყველაზე დიდი მანძილი გაიარეს. ამისთვის სპეციალურად შექმნეს ფიფქის ფორმის მედლებიც. გავლილ კილომეტრებს ველომოყვარულები სპეციალური აპლიკაციით ითვლიან, შემდეგ კი რეიტინგი დგება.

მარ მიხელიძის თქმით, უჩვეულო არაფერია იმაში, რომ ადამიანები თბილ ამინდში უფრო ხშირად იყენებენ ველოსიპედს, თუმცა მიიჩნევს, რომ ველობილიკების რაოდენობის გაზრდასა და უსაფრთხოების საკითხების გაუმჯობესებასთან ერთად, ეს დისკომფორტიც ნაკლებად შესამჩნევი იქნება.

როგორც ამბობენ, არ არსებობს ცუდი ამინდი, უბრალოდ ადამიანებმა შესაბამისად უნდა ჩაიცვან.

„ბევრი იკავებს თავს ამინდის გამო, განსაკუთრებით ქარიან და წვიმიან ამინდში, მაგრამ მე მოვუწოდებდი, რომ შეიძინონ შესაბამისი ტანსაცმელი, შეიმოსონ ამინდის მიხედვით და არანაირი პრობლემა არ არის, რადგან, როდესაც გადაადგილდები, ორგანიზმი ხურდება და სიცივეც აღარ გაწუხებს“, — მიიჩნევს ველომოყვარული დავით კალმო.

ფიფქის ფორმის მედლები ოთხ ველომოყვარულს გადაეცა. ლევან ბლიაძემ ზამთრის პერიოდში ყველაზე დიდი მანძილი გაიარა, დავით კალმომ ყველაზე მეტი აღმართი დაძლია, ერთ დღეში ყველაზე დიდი მანძილის გავლისთვის კი მედლები ნუკრი დიასამიძემ და მარ მიხელიძემ მიიღეს.

კავკასიის ველოქსელის გამოწვევაში ჯამში 600-მდე ველომოყვარული იყო ჩართული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend