ბელარუსის სამხრეთით, უკრაინის მოსაზღვრე რეგიონებში ერთობლივი რუსულ – ბელარუსული სამხედრო მანევრები დაიწყო. ბელარუსის ტერიტორიაზე მოსკოვმა 30 ათასი ჯარისკაცი, ტანკები, სამხედრო მოიერიშეები, თვითმავალი არტილერია და ს 400 ტიპის სარაკეტო კომპლექსები გადაისროლა. უკრაინის დედაქალაქი კიევი ბელარუსთან სახელმწიფო საზღვრიდან 75 კილომეტრში მდებარეობს.
მოსკოვისა და მინსკის ერთობლივი სამხედრო მანევრების მიმდინარეობის ფონზე, მოსკოვში გაერთიანებული სამეფოს საგარეო მდივანთან შეხვედრისას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მოსკოვი მზად არის გააგრძელოს დასავლეთთან დიალოგი.
თავდაცვითი სამხედრო მზადებით არის დაკავებული უკრაინის არმიაც. მეზობელ ბელარუსში ერთობლივი ბელარუსულ-რუსული სამხედრო მანევრების საპასუხოდ სამხედრო წვრთნებს კიევიც მართავს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, სამხედრო მანევრებში მონაწილეობას თურქული წარმოების სამხედრო დრონებიც იღებენ.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსის წევრი სახელმწიფოები მზად არიან, მოსკოვთან საუბარი განაგრძონ. ამავე დროს, ნორვეგიელი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ნატოს ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისი გამორიცხულია.
“განვიხილეთ უკრაინის გარშემო რუსეთის ფედერაციის ჯარების კონცენტრაციის საკითხი. მოსკოვმა უკვე 100 ათასზე მეტ ჯარისკაცს, მძიმე სამხედრო ტექნიკას და ლოგისტიკური სამსახურის ნაწილებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული არმიის ნაწილების მობილიზაციასაც. ეს ევროპული უსაფრთხოებისათვის მძიმე ეტაპია. ნატო მოსკოვისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ყველაზე ცუდი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
პოლონეთში გამგზავრებამდე, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ – მინისტრმა ბორის ჯონსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ლონდონის ურყევი მხარდაჭერა ევროპული უსაფრთხოების პრინციპებისადმი.
“როდესაც ბერლინის კედელი დაეცა, ევროპელებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ მათი მშვიდობა და თავისუფლება გადაჯაჭვულია. სწორედ ამიტომ ნატოში მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება თავად აირჩიოს უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ ნებისმიერ მცდელობას, რომელიც იმ დროში დაგვაბრუნებს, როდესაც რამდენიმე ძლიერი სახელმწიფო პატარა ერების ბედს წყვეტდა“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.
უკრაინის გარშემო რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების მობილიზაცია დასასრულს უახლოვდება, რუსული სამხედრო ფლოტის სადესანტო ხომალდები შავ ზღვაშია, ბელარუსის ტერიტორიაზე კიევიდან 75 კილომეტრში და ოკუპირებულ დონბასსა და ანექსირებულ ყირიმში კი ყოველდღიურად იმატებს რუსი ჯარისკაცებისა და სამხედრო ტექნიკის რიცხვი.