მთავარისაქართველოშარლ მიშელის დოკუმენტი „მომავლის გზა საქართველოსთვის“ ნაწილობრივ შესრულდა- მონიტორინგის შედეგები

შარლ მიშელის დოკუმენტი „მომავლის გზა საქართველოსთვის“ ნაწილობრივ შესრულდა- მონიტორინგის შედეგები

შარლ მიშელის დოკუმენტი „მომავლის გზა საქართველოსთვის“ ნაწილობრივ შესრულდა და პასუხისმგებლობის მთავარი წილი მმართველ პარტიაზე მოდის. ასე შეაფასა ოთხმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხუთპუნქტიანი შეთანხმების შესრულების ეტაპები.

„ღია საზოგადოების ფონდი“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“,  „სამართლიანი არჩევნები“ და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს აწარმოებდა.

“ეს დოკუმენტი და საერთოდ ეს შეთანხმება იყო საუკეთესო მცდელობა ქვეყანაში რეალურად დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. პოლიტიკურმა ძალებმა ხელმოწერით ამის ვალდებულება აიღეს. თუმცა, სამწუხაროდ, დემოკრატიული რეფორმების გატარების ვალდებულება ბევრ საკითხში ჩავარდა, განსაკუთრებული პასუხისმგებლობა კი „ქართულ ოცნებას“ ეკისრება, რადგან მმართველმა პარტიამ შეთანხმებიდან გამოსვლა გადაწყვიტა. სრულად ჩავარდა მართლმსაჯულების რეფორმა. იყო დადებითი ძვრებიც, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმის ნაწილში, თუმცა სრულად ეს პუნქტიც არ შესრულდა“, – განაცხადა სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, რომელიც მონიტორინგის შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო, თქვა რომ – ეს დოკუმენტი არის საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზამკვლევი. ნაკისრი ვალდებულებების არ შესრულება კი მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს აზიანებს.

„ევროპაში საქართველოს მოკავშირე ბევრი ქვეყანა სვამს კითხვას, თუ რა მიმართულებით ვითარდება საქართველო და რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. 19 აპრილის შეთანხმება არის გზამკვლევი ევროკავშირში ინტეგრაციისა. ეს არის არა ერთადერთი თუმცა ერთ-ერთი გზა. თუმცა ისმის ლეგიტიმური კითხვა – თუ ეს გზა არა, მაშინ რომელი? წინსვლა იყო შეთანხმებით მოცულ გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში. თუმცა,  არის სხვადასხვა ვალდებულება, რომელიც აღებული იყო, მაგალითად მართლმსაჯულების რეფორმა, რაც სამწუხაროდშეუსრულებელია. ასევე საკონსტიტუციო ცვლილებები, რაც ჯერ კიდევ განიხილება. ძლიერი დემოკრატიისთვის ამ საკითხების მოგვარებაძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ღონისძიებას დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ, მხოლოდ ოპოზიციური წარმომადგენლობიდან. მმართველი პარტიის პოლიტიკური ოპონენტების თქმით, ამ დოკუმენტიდან გასვლისა და სხვა ნაბიჯების გამო, ხელისუფლება არც მათთვის და არც საერთაშორისო დონეზე სანდო პარტნიორი არ არის. თუმცა „ქართულ ოცნებასთან“ დიალოგს გააგრძელებენ, მათ შორის საპარლამენტო ფორმატში.

„ქართული ოცნების“ მოულოდნელი და უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების გამო, ახლა ერთადერთი გზა რაც დარჩა, არის დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების შესაბამისად განხორციელება. იქნებ, პოლიტიკოსებმა ამ პუნქტის შესრულება მაინც მოვახერხოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში ქვეყნის იმიჯი შევინარჩუნოთ“, – თქვა საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

საქართველოში პოლიტიკურად დაძაბულ 2021 წელს ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ, ისტორიულ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ პროცესში ჩართული იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომლის მედიაციით პოლიტიკურ აქტორებს შორის ხუთ პუნქტიანი დოკუმენტი გაფორმდა. 19 აპრილს მიღწეული შეთანხმებიდან სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ შეთანხმებას ტოვებს. თუმცა, დოკუმენტი რომელსაც „მომავლის გზა საქართველოსთვის“ ეწოდება, საერთაშორისო პარტნიორებისთვის მაინც იმედის მომცემად რჩება.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend