მთავარიმსოფლიოევროპასაფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდნენ

საფრანგეთის და პოლონეთის პრეზიდენტები ბერლინში გერმანიის კანცლერს შეხვდნენ

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საერთო მიზანი ევროპაში სიმშვიდის შენარჩუნებაა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ისაუბრა. საფრანგეთისა და პოლონეთის პრეზიდენტები ბერლინში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ შეხვდნენ ერთმანეთს.

კანცლერის განცხადებით, სიმშვიდე დიპლომატიური გზით უნდა შენარჩუნდეს და ამისთვის მოკავშირე ქვეყნებს ერთიანი პოზიცია უნდა ჰქონდეთ.

ამავდროულად, რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ თავდაცვის ძალები გაამაგრა. კერძოდ, პოლონეთში ამერიკული ჯარი და სამხედრო აღჭურვილობა გააგზავნეს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხის ფონზე, პრეზიდენტი ჯო ბაიდენის განკარგულებით, პოლონეთში 1,700 ჯარისკაცი გაემგზავრა.

ამერიკული ჯარი პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარე აეროპორტში ჩავიდა. ისინი ათეულობით ამერიკელ ჯარისკაცს შეუერთდნენ, რომლებიც პოლონეთში კვირას ჩაფრინდნენ.

„უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარების განლაგება დამაფიქრებელია. ვითარებას ჩვენი პოზიციებით ვაფასებთ. უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა მიუღებელია. ამას შესაბამისი შედეგები მოჰყვება როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და, რა თქმა უნდა, გეოსტრატეგიული თვალსაზრისით“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, რომ ომს თავი ავარიდოთ. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. მჯერა, რომ ამას მივაღწევთ“, – ამბობს პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა.

უკრაინის საზღვარზე 100,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია მობილიზებული. მოსკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში შეჭრას არ აპირებს. თუმცა, რეგიონში რუსეთი სამხედრო საზღვაო და საჰაერო წვრთნებს აგრძელებს.

კრასნოდარის რეგიონში, რომელიც უკრაინის საზღვრის სამხრეთითაა, სამშაბათს რუსული ავიახომალდების საჰაერო წვრთნები გაიმართა. ამავდროულად, შავ ზღვაში რუსული სამხედრო გემები გამოჩდნენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ჩანაწერები, რომლებშიც ნაჩვენებია, როგორ მიემართებიან შავ ზღვაში რუსული სამხედრო ხომალდები სამხედრო წვრთნების ჩასატარებლად.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend