საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით დასრულდა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე უნდა დაკითხულიყო სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელი უფროსი ანზორ ჩუბინიძე, თუმცა მან ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა. მან საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლი გამოიყენა და შეკითხვებზე პასუხისგან თავი შეიკავა.
მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძის ჩვენება დაადასტურებდა მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას უდანაშაულობას.
“ანზორ ჩუბინიძე დაიბარეს პროკურატურაში და უთხრეს, რომ თუ ამ ჩვენებას მისცემდა ეს სასამართლო ჩამოეშლებოდათ. ანზორ ჩუბინიძის განცხადებით დადასტურდა, რომ სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსი თვლის, რომ მას დანაშაული აქვს ჩადენილი. ის აცხადებს, რომ სიმართლის თქმის გამო შეიძლება ბრალი წაუყენონ“, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
„ჩვენ გავიგეთ ის, რომ ზუსტად ანალოგიური ქმედებები ხორციელდებოდა ჩემ მერეც სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში. სისხლის სამართლის საქმე ხუთი თვის წინ აღიძრა. ჩემ შემთხვევაში პროკურატურას ბრალის წარდგენისთვის დოკუმენტების ამოღებიდან სულ ორი საათი დაჭირდა.“- ამბობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია.
საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი კი აცხადებს, რომ ანზორ ჩუბინიძის მიერ 2013 წელს გაწეული ხარჯთან დაკავშირებით გამოძიება ცალკე მიმდინარეობს და მას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან არ აქვს შეხება.
„დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელსაც არანაირი შეხება არ ჰქონია იმ პერიოდთან, რომელიც ბრალდების საგანს წარმოადგენს. ვგულისხმობ 2009-2013 წლებს, რასაც სახელმწიფო ბრალდება მოიცავს. ანზორ ჩუბინიძის მიერ გაწეული დანახარჯი არ ცვლის მოცემულობას მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე“, – ამბობს საქმის პროკურორი გიორგი მუჯირი.
სასამართლო სხდომის მიმდინარეობისას დაცვის მხარემ მესამე პრეზიდენტის სათანადო მკურნალობის უზრუნველყოფაზე ისაუბრა. ადვოკატებმა მოითხოვეს, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს განჩინებით მიემართა პენიტენციური სამსახურისთვის, რაც მოსამართლემ გაითვალისწინა.
„დღეს ბადრი კოჭლამაზიშვილის ისეთები აკადრებინეს, რომ ბოლოს მისცეს უფლება, განჩინება გამოეცა, რომელსაც კონკრეტული შინაარსი არც მისცა. ესეც ვერ გაბედა. ცხადია, მიხეილ სააკაშვილის სათანადო მკურნალობა არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, თუმცა ისიც ცხადია, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს არა მის ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის, არამედ პირიქით, სწორედ ხელისუფლების არაადამიანური მოპყრობის შედეგად მოხდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემების გაჩენა.“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
სასამართლო პროცესის პარალელურად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობდა. შემდეგი სასამართლო სხდომა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით 1 მარტს, 11:00 საათზე გაიმართება.
მარიამ ქუხილავა