დოქსინგის, ანუ მომხმარებლის თანხმობის გარეშე ინფორმაციის ინტერნეტსივრცეში გაზიარების საკითხზე კომპანია მეტამ სამეთვალყურეო საბჭოს 2021 წლის აპრილში მიმართა. ამჟამად სოციალურ ქსელ ფეისბუკზე აკრძალულია პირადი ინფორმაციის გავრცელება, თუმცა გამონაკლისია თუ სახლის მისამართი საჯაროდ ხელმისაწვდომია ან თუ უკვე გამოქვეყნებულია კონკრეტული ადამიანის მისამართი სულ მცირე 5 საინფორმაციო სააგენტოს სტატიაში.
სამეთვალყურეო საბჭოს თქმით, ასეთი სახის დოქსინგს მართლაც დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. საბჭო კომპანია მეტას მოუწოდებს, რომ შეცვალოს წესები და არ დაუშვას არც გამონაკლისი შემთხვევები. კომპანიამ თავისი სურვილით არ უნდა გაავრცელოს პირადი მონაცემები, რაც არ უნდა საჯარო იყოს ეს ინფორმაცია.
საბჭო ხაზს უსვამს იმას, რომ სოციალურ ქსელში შესაძლებელია, კვლავ გამოქვეყნდეს ისეთი პოსტები, რომლებშიც მონიშნულია სპეციალური სახელმწიფო და საჯარო დაწესებულების მისამართი, მაგალითად, როდესაც ფეისბუკზე იგეგმება საპროტესტო აქცია. კომპანიამ არ უნდა წაშალოს პოსტები, რომლებშიც მომხმარებელი თავად აზიარებს საკუთარ მისამართს. შეზღუდვების მიზანია, გამკაცრდეს კონტროლი მოდერაციის სისტემაზე, რომელშიც წერია მისამართები ან ატვირთულია სახლისა და ქუჩის ფოტოები.
ამ საკითხით განსაკუთრებით მაშინ დაინტერესდნენ, როდესაც „ჰარი პოტერის“ ავტორის ჯოან როულინგის სახლის ფოტო გამოქვეყნდა. მის სახლთან შეიკრიბნენ აქტივისტები, თუმცა პოლიციამ მათ წინააღმდეგ საქმე არ აღძრა.
არსებობს თუ არა ზიანის მიყენების რისკი, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა კონტექსტით არის გამოქვეყნებული ამა თუ იმ პირის მისამართი. თუმცა ასეთ შემთხვევაში რთულია განსაზღვრო, რამდენად დროულად და ეფექტიანად შეიძლება იმოქმედო, ამიტომაც მნიშვნელოვანია, შეიქმნას უნივერსალური ინდიკატორი სარისკო სიტუაციების თავიდან ასაცილებლად.