მთავარისაქართველორას კითხულობენ მოზარდები?

რას კითხულობენ მოზარდები?

ალექსანდრე მოზარდების იმ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც თავისუფალ დროს კლასგარეშე ლიტერატურის კითხვას უთმობს. ამბობს, რომ კითხვის სიყვარული ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში გაუჩნდა. მისი საყვარელი წიგნი კი ჯოან როულინგის „ჰარი პოტერია“.

“ძალიან საინტერესოა, ბევრი რამ არის აღწერილი. ბევრი მოქმედებაა – „action” ასე ვთქვათ. ჰო, ამაღელვებელია და საინტერესო“, – ამბობს ალექსანდრე.

წიგნის არჩევისას ალექსანდრე რჩევისათვის თანატოლებს მიმართავს ხოლმე.

„ხშირად ვითვალისწინებ ჩემი დის რჩევას, ან კლასელებისას, ვინაიდან ისინიც ჩემსავით ბევრს კითხულობენ.“

ალექსანდრეს მსგავსად, მისი და ნატალიაც ბევრს კითხულობს, ეცნობა სხვადასხვა ჟანრისა და ეპოქის ლიტერატურას. მისი თანატოლები ძირითადად თანამედროვე წიგნებს კითხულობენ, რაც ნატალიას აზრით, იმით არის გამოწვეული, რომ ეს წიგნები უფრო გასაგები და მარტივად აღსაქმელია მოზარდებისათვის.

„თანამედროვე ლიტერატურას თავისი ხიბლი აქვს, ვინაიდან დღევანდელი საზოგადოებისთვის უფრო მარტივი გასაგებია. საყოფაცხოვრებო ნივთებიც უფრო ნაცნობია. მაგალითად ვიცით რა არის ნათურა და არ ვიყენებთ შანდალს, რაც კიდევ უფრო მარტივად გასაგებს ხდის ნაწარმოებს“, – ამბობს ნატალია.

თამარ გეგეშიძე ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლად მუშაობს. მოზარდების უკეთ გაცნობის შემდეგ, თამარს სურვილი გაუჩნდა, თავისი ცოდნა სხვებისთვისაც გაეზიარებინა. მისი წიგნი „საშლელები“ ქართული საყმაწვილო ლიტერატურის ბესტსელერია.

„მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, რომ მასწავლებელი გავმხდარიყავი, მეტი რამ შევიტყვე მოზარდებზე. უკეთ გავიცანი ისინი. მინდოდა ჩემი ცოდნა სხვებისთვისაც გამეზიარებინა. ძალიან საინტერესოა სკოლის ცხოვრება, როგორ ვითარდება მოზარდი და მისი შინაგანი სამყარო. ამის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრე ჩემს წიგნში… დღესდღეობით მოზარდებს დიდი და მრავალფეროვანი არჩევანი აქვთ. მათ ძირითადად რეალისტური ნაწარმოებები მოსწონთ. თუმცა, ფანტასტიკის კითხვაც ძალიან უყვართ“, – ყვება თამარ გეგეშიძე.

საყმაწვილო ლიტერატურის მნიშვნელობაზე საუბრობს გამომცემელი გვანცა ჯობავა.

„თანამედროვე ქართული სალიტერატურო სივრცისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდების ლიტერატურა. საგამომცემლო სივრცეც ერთგვარად პასუხისმგებლობას გრძნობს, რომ იზრუნოს მოსწავლეებზე და საგანგებოდ მათთვის გამოვცეთ ლიტერატურა. ვფიქრობთ, რომ მოზარდებს ხელს შევუწყობთ ჩამოყალიბებაში“, – მიიჩნევს გამომცემელი გვანცა ჯობავა.

გვანცას თქმით, მიუხედავად თანამედროვე ნაწარმოებების პოპულარობისა, კლასიკა აქტუალობას არ კარგავს.

„ამ წიგნებში თვმოყრილია თანამედროვე და აქტუალური საკითხები. ჩვენს პატარა მკითხველებს სწორედ ეს მოსწონთ, რომ მათთვის გასაგებია. თუმცა, ასევე არსებობს მსოფლიო კლასიკა, რომელიც არასდროს ძველდება“, – ამბობს გვანცა ჯობავა.

ლიტერატორები ამბობენ, რომ მთავარია მოზარდმა კითხვა შეიყვაროს. ამიტომ მნიშვნელოვანია ნებისმიერი წიგნი, რომელიც მოზარდს ლიტერატურის მიმართ ინტერესს გაუჩენს.

ნინი დვალიშვილი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend